
„ბლოკადაში ვართ“ – რა ხდება რიონის ხეობაში
05/04/2021 08:27:25 რეგიონები, საზოგადოება
რიონის ხეობის მკვიდრის მაკა სულაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოები განახლდა, სამართალდამცავების მობილიზაციის ფონზე მოსახლეობა ფაქტობრივად, ბლოკადაშია.
„ჩაკეტილია ცენტრალური გზა როგორც ქუთაისიდან, ისე ლეჩხუმიდან მომავალი. ფაქტიურად, ბლოკადაში ვართ. მოსამაზადებელი სამუშაოები ჩვეულებრივ გრძელდება“,– ყვება ადგილობრივი მკვიდრი.
მისივე ცნობით, კომპანიის მენეჯერთან დიალოგი ფაქტობრივად, საპოლიზიო ღონისძიებების ფონზე შედგა:
„ეს იყო პირდაპირ ძალის დემონსტრირება არა რაიმე არგუმენტებით“.
ნამახვანჰესის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები პოლიციის მობილიზების ფონზე განახლდა.
რიონის ხეობაში პროტესტი თითქმის ნახევარი წელია, გრძელდება. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.