
აქტივისტი, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა: "ძალადობით ცდილობენ ჩვენს განეიტრალებას, ეს არ მოხდება"
05/04/2021 08:51:07 კონფლიქტები
მოძრაობა "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი აცხადებს, რომ გუშინ ღამით ქაშუეთის ეკლესიის წინ მას "ანგარიშსწორების მიზნით" ცემეს.
კერძოდ, იგი გუშინდელ ინციდენტს ბათუმში 23 იანვარს მომხდარს უკავშირებს, როდესაც ფანგანმა "ქართული ოცნების" დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.
"მომიკითხა უცნობმა კაცმა და გამიყვანა კარვების ქალაქიდან ცოტა მოშორებით, მიხსენა ბათუმის ინციდენტი და რაღაც, არ მაცალა პასუხის გაცემა, პირდაპირ დამიწყო ცემა, ჩავლეიშვილი არ უხსენებია. შიშით არ მეშინია, ჩვეულებრივ რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ აქციას. მე შიშით არ მეშინია, ეშინოდეთ "ქართულ ოცნების" აქტივისტებს, რომლებსაც ძალადობის მხრივ უნდათ, რომ გაგვანეიტრალონ, მაგრამ ეს არ მოხდება",-განაცხადა ფანგანმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ოპონეტების მიმართ თავდასხმები მმართველი გუნდის მიერ არის ორკესტრირებული. თუმცა ეს უკანასკნელი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.
პოლიციამ ირაკლი ფანგანი გუშინ გვიან ღამით გამოკითხა. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.
ირაკლი ფანგანმა 23 იანვარს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. შსს–ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება ფიზიკური ძალადობის მუხლით. „ირაკლი ჩავლეიშვილის საქმეზე“ ირაკლი ფანგანი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.