ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 8 აპრილისთვის ჩაინიშნა
05/04/2021 10:00:13 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს ჩაინიშნა.
როგორც პოლიტიკოსის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პროცესზე დაცვის მხარე ახალ შუამდგომლობებს დააყენებს როგორც ახალი მტკიცებულებების დაშვებასთან, ასევე ნიკა მელიასთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლების მიცემასთან დაკავშირებით.
როგორც ადვოკატი ამბობს, ვინაიდან მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდეს, მოსამართლემ მისი აღკვეთის გადასინჯვაზე, დიდი ალბათობით, ამავე სხდომაზე უნდა იმსჯელოს:
“რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას, მოსამართლე, დიდი ალბათობით, იმსჯელებს ამ საკითხზე და თუკი იგი იხელმძღვანელებს სამართლებრივი თვალსაზრისით, 100%-ით უნდა მოხდეს ნიკა მელიას სასამრთლო სხდომიდან გათავისუფლება".
17 თებერვალს სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა გირაოს არგადახდის გამო შეუფარდა.


