როგორ იბრძვის რუსეთი ხმელეთზე, ცაში, ზღვაზე და საინფორმაციო სივრცეში

05-04-2021 14:15:30 ანალიზი

რა ინსტრუმენტები გააჩნია რუსეთს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, რა სტრატეგიასა და მეთოდებს იყენებს? ამ კითხვებზე სრული პასუხი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა ჯერ კიდევ 2013 წელს გასცა. 2013 წლის 27 თებერვალს, გაზეთ „სამხედრო-სამრეწველო კურიერში“ მისი სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ თანამედროვე ომში ბრძოლის მთავარ სამიზნეს გონება წარმოადგენს და სამხედრო ოპერაციებში მნიშვნელოვან ადგილს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი იკავებს. „ეს ინსტრუმენტები ყველაზე ეფექტიანი მტრის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა და მშვიდობიანი მოსახლეობის მორალურ და ფსიქოლოგიურ გატეხვაშია, რის შედეგადაც უხეში ძალის ინსტრუმენტების გამოყენება აღარ არის საჭირო.“ – ვალერი გერასიმოვი.

სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს „გერასიმოვის დოქტრინას“ უწოდებენ. საინტერესოა, რომ გენშტაბის უფროსი პერმანენტული ომის ცნებაზეც საუბრობს. პუტინის რუსეთის „მუდმივი მტერი“ დასავლური სამყაროა, მისი ღირებულებებით, იდეოლოგიით, პოლიტიკური სისტემითა და რაც მთავარია, თავისუფლებით, რომელიც კრემლს ყველაზე მეტად აშინებს. სწორედ ამიტომ, მოსკოვი იბრძვის ყველგან, სადაც თავისუფლებისკენ ისწრაფვიან, უპირველესად კი, პოსტ-საბჭოთა სივრცეში. საქართველოსა და უკრაინაში რუსეთმა ტერიტორიები დროებით მიიტაცა, მაგრამ „გონების“ დაპყრობას ვერ ახერხებს. რუსული საინფორმაციო ომის პირობებშიც კი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგული მხარდამჭერია. თუმცა, არსებობს უმცირესობაც, რომელიც ჯერ კიდევ რუსული პროპაგანდის ტყვეობაშია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ხერხებს მიმართავს პუტინი საინფორმაციო ოპერაციებში, რომ „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტებს უფრო ეფექტურად აღვუდგეთ წინ.

ექსპერტთა წრეებში „გერასიმოვის დოქტრინას“ ყოველთვის რუსულ „ჰიბრიდულ ომთან“ ერთად ახსენებენ. ეს ტერმინი 2014 წელს „პატარა მწვანე კაცუნებით“ დაწყებული ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გახდა აქტუალური. რუსეთის „ჰიბრიდული ომისთვის“ ომსა და მშვიდობას შორის ზღვარის მიზანმიმართული წაშლაა დამახასიათებელი. ეს კრემლს ეხმარება სახელმწიფოები პირდაპირი, ღია და ფართომასშტაბიანი სამხედრო ინეტრვენციის გარეშე გაანადგუროს. თანამედროვე კონფლიქტებში ომი პირველი ტყვიის გასროლამდე ბევრად ადრე იწყება და როგორც გერასიმოვი ამტკიცებს, არა სამ, არამედ ოთხ სივრცეში მიმდინარეობს. ეს სივრცეებია: ხმელეთი, ჰაერი, ზღვა და საინფორმაციო ველი.

რუსული „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი მთავარი ელემენტია საინფორმაციო ომი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მანიპულაციისთვის გამოიყენება. კრემლი დეზინფორმაციას მოწინააღმდეგის უბრძოლველად დაპყრობისთვის იყენებს. კონფლიქტოლოგები „ჰიბრიდულ ომთან“ ერთად ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტით მართული ასიმეტრიული ომის საფრთხეებზეც ალაპარაკდნენ. სოციალური და პოლიტიკური გავლენის გაფართოებისთვის რუსეთის მიერ ხელოვნური ინტელექტის საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციებში გამოყენების პერსპექტივა კი, ექსპერტებში შეშფოთებას იწვევს.

2000 წლის შემდეგ, პუტინი ქვეყანაში ტოტალური კონტროლის მექანიზმებს თანმიმდრევრულად ნერგავდა. ხელოვნური ინტელექტით ადამიანის ქცევის პროგნოზირებისა და თვალთვალისთვის გამოყენება მოსკოვმა ჯერ ადგილობრივად სცადა. TelecomDaily-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, 2020 წელს რუსეთის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების რაოდენობა 13 მილიონს აღემატებოდა. ამაზე მეტი კამერა მხოლოდ ჩინეთშია (200 მილიონი) რეგისტრირებული. რუსეთი, ასევე, მესამეა 1000 მოსახლეზე კამერების რაოდენობითაც. მოსკოვის ქუჩებში დამონტაჟებული კამერები სწორედ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ახდენენ სახის იდენტიფიცირებასა და მოქალაქეების ქცევის კონტროლს.

ექსპერტთა წრეებში იმაზეც საუბრობენ, რომ კრემლი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პოტენციური პოლიტიკური ოპონენტების იდენტიფირებაზე მუშაობს. ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს, რომელსაც საიდუმლო სამსახურები თავიანთი მოქალაქეების შესახებ ინტერნეტ პროვაიდერებისგან იღებენ, სპეცსამსახურები ჭკვიანი ტექნოლოგიების საშუალებით ამუშავებენ და ცდილობენ ალგორითმებით კონკრეტული ადამიანების ქცევის მოდელი დაადგინონ. „ციფრული ავტორიტარიზმი“ – ასე აფასებენ რუსეთში პერსონალური მონაცემების საფუძველზე სოციალური კონტროლის დამყარების მცდელობებს.

ადგილობრივი ტოტალური კონტროლის დამყარება პირველი ნაბიჯია, ამ გზით კრემლი მოქალაქეების უსიტყვო მორჩილების გარანტიის შექმნას ცდილობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აგრესია მშვიდად განაგრძოს. ხელოვნური ინტელექტის ლოკალურად გამოყენება თუ წარმატებას მოიტანს, მოსკოვი მას საზღვრებს გარეთ დეზინფორმაციის უკეთ გავრცელებაში გამოიყენებს.

ხელოვნური ინტელექტის რუსულ საინფორმაციო ომში გამოყენების ერთ-ერთი საშუალება არის „Deep Fake“, რაც ადამიანის გარეგნობის, სხეულის მოძრაობის, ლაპარაკის მანერისა და მიმიკის მიმბაძველი ტექნოლოგიით შექმნილ ყალბ ვიდეოს წარმოადგენს. მისი საშუალებით უამრავი რამ არის შესაძლებელი, მათ შორის მსოფლიოს ნებისმიერი ლიდერის მიმიკისა და ხმის სიმულაცია იმგვარად, რომ ფართო აუდიტორიამ ვიდეოს ავთენტურობის გარჩევა მარტივად ვერ მოახერხოს. ამ ტექნოლოგიის დანერგვა რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელებას ამარტივებს და ნებისმიერ სამიზნე ჯგუფში არეულობის გამოწვევას შესაძლებელს გახდის. აქამდე კრემლი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისას სტატიკურ მეთოდებს ეყრდნობოდა. მოსკოვი ყალბი სტატიების, სოციალური მედიით გავრცელებული პოსტებითა და ფოტოებით ცდილობდა ფართო მასებისთვის სასურველი ნარატივი თავს მოეხვია. ხელოვნური ინტელექტი დეზინფორმაციის დამაჯერებლობის ხარისხს ზრდის, რადგან ერთია, როდესაც რამეს ვკითხულობთ და მეორე, როდესაც ადამიანის გამოსახულებით შექმნილ ისეთ ვიდეოს ვუყურებთ, რომელიც საოცრად რეალურად გამოიყურება.

ადამიანების ემოციებით მანიპულაცია უფრო ადვილია, როდესაც ეკრანიდან ხელოვნურად შექმნილი ადამიანის გამოსახულება საუბრობს. ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში კი, როდესაც სმარტფონი თითქმის ყველას აქვს, ნებისმიერი ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. უკვე მილიონობით ადამიანის მობილურში აღმოჩენილი ვიდეო, თავის საქმეს მაინც გააკეთებს, რაც არ უნდა ბევრმა პოლიტიკოსმა მოგვიანებით თქვას, რომ ის ყალბია. რუსული დეზინფორმაცია ცდილობს დასავლურ საზოგადოებებში მოქალაქეებს ინსტიტუციების რწმენა დაუკარგოს, რაც დაბნეულობას იწვევს და შეიძლება ქაოსში გადაიზარდოს. ქაოსი კი, სახელმწიფოს დასუსტებას იწვევს და ამ დროს ქვეყანას საგარეო გამოწვევებისთვის აღარ სცალია.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საზოგადოების დაბნევა კრემლმა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების მიმდინარეობისას სცადა. სოციალურ მედიაში ათასობით ყალბი ანგარიში ოპოზიციონერი ფიგურების კედლებზე კომენტარებს წერდა, რომ მოქალაქეებს რეალური ინფორმაცია ვეღარ მიეღოთ. ასევე, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვირტუალური ადამიანების მთელი ჯარი, რუსეთის წითელ მოედანს ინსტაგრამ პოსტებში ლოკაციად უთითებდა, რათა აქციის მონაწილეებისთვის კვალი აერია.

მოსკოვის ხელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილად საშიშია, თუმცა კრემლისთვის სამწუხაროდ, ამგვარი მასალის ამოცნობა მაინც შესაძლებელია. კარგად დაკვირვების შემთხვევაში, არაბუნებრივი მოძრაობის, ხელოვნური გამომეტყველებისა და უმოძრაო მიმიკის გარჩევა ადვილია. მაშინ, როდესაც რუსეთი თავისუფალი სამყაროს წინააღდმეგ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს, ჩვენს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამ ომის მთავარი ელემენტის, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების შესახებ. ინფორმირება ხომ პრევენციის კარგი საშუალებაა. მნიშვნელოვანია ადამიანებმა ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევა მოახერხონ, რომ რუსეთმა მათი „ფსიქოლოგიურად და მორალურად გატეხვა“ ვერასდროს მოახერხოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები