ბიზნესი „საკონტროლო გასროლის“ მოლოდინში

06-04-2021 12:08:56 ეკონომიკა

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაოთხმაგდა​. კერძოდ, გუშინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 228 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 897. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,65%–ია, და თუ ეს მაჩვენებელი 4%–მდე ავა, შესაძლოა, კვლავ მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, რადგან როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჯანდაცვის სექტორი გასული წლის ნოემბერ–დეკემბერში განცდილ წნეხს ვეღარ გაუძლებს. ინფიცირების შემთხვევების მატების პარალელურად, კვლავ ნელი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეში საშუალოდ 1000 ადამიანი იცრება, სასურველი შედეგის მისაღებად კი დღეში სულ მცირე, 3 000 ადამიანის აცრაა საჭირო.

„ვაქცინაცია ალბათ, უფრო შემდეგ თვეებში, გაზაფხულზე და ზაფხულშიც ვერ მიაღწევს იმ მასშტაბს, რომ მას დავეყრდნოთ. ახლა ალბათ, მაინც იმაზე ვართ დამოკიდებული, რამდენადაც შეგვიძლია, დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, რათა შევამციროთ რისკი, მოხდეს ხელახალი აღმავლობა, რომ ხელისუფლებამ ისევ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება არ დაიწყოს“,– ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაღარიბებული ქვეყნის მოსახლეობასა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმად აფასებენ ეკონომისტები მოსალოდნელ შეზღუდვებს.

„ახალი რეგულაციები და კიდევ ერთი შეზღუდვა, სამწუხარო დარტყმა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ ვერ ვახერხებთ ეკონომიკური ვარდნის შეჩერებას, არ იხსნება ტურიზმი, არ იხსნება ქვეყნის ეკონომიკა, კვლავ ძალაშია „კომენდანტის საათი“. პანდემიას შესაძლოა, გავუმკლავდეთ, მაგრამ ეკონომიკური პრობლემები გაღრმავდება“,– არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.

ანალოგიური პროგნოზი აქვს ეკონომიკის ექსპერტ გიორგი პაპავასაც:

„ეს ძალიან მძიმე იქნება როგორც ბიზნესისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის, რომლებიც დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები არიან. რიგ სექტორებში სიტუაცია გაცილებით რთულია, რადგან შეზღუდვებიც არაპროპორციულად ეხებათ. მაგალითად, შედარებით სახარბიელო სიტუაციაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. შეზღუდვები ყველა სექტორისთვის მძიმე იქნება და გამოყოფა, რომელი გაუძლებს და რომელი ვერა, არამგონია, სწორი იყოს“.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ დღეს გამოსავლის მოძებნა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ახალი შეზღუდვების პირობებში ეს შანსიც მოისპობა:

„დღეს ეკონომიკა მკვდარია. მკვდარს თუ გააცოცხლებ, თორემ ვეღარ მოკლავ. თუ ნაბიჯ–ნაბიჯ შევძლებთ ეკონომიკის ამუშავებას, შესაძლებელია, გამოსავალი ვნახოთ, ხოლო თუ ვითარებას კიდევ დავამძიმებთ, შემდეგ უბრალოდ, გამოსავალი აღარ იქნება. ეს ყველაფერი მივა სოციალურ აფეთქებამდე, დეფოლტამდე და რეალურად, ქვეყანა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩავარდება“.

„ტრეფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ახალი შეზღუდვები ყველა სფეროსთვის „საკონტროლო გასროლა“ იქნება.

„ამ გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტურად არასწორი და დამღუპველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს იქნება საკონტროლო გასროლა! ყველს სფეროს, რომელიც გაჩერებული იყო და ახლა ამუშავდა, ბოლომდე გაანადგურებს. ამას საქართველო ნამდვილად ვეღარ გადაიტანს. ისედაც მაღალი ეკონომიკური ვარდნა გვაქვს, რეგიონში „ჩემპიონები“ ვართ ეკონომიკური ვარდნით. სომხეთსაც კი, რომელმაც ომი გადაიტანა, ჩვენზე ნაკლები ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა!“.

ანალოგიური მოლოდინი აქვს გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელ გიორგი მთიულიშვილსაც:

„ვფიქრობ, სხვა, უფრო პრაგმატული ნაბიჯები უნდა გამოიძებნოს, რათა ჩაკეტვის აცილება მოხდეს. მართლა დავიღუპებით, გამოსავალს ვერავინ ვეღარ ნახავს და შიმშილის პირას მისული ერი უბრალოდ სიკვდილისთვის იქნება განწირული! თუ კიდევ გამკაცრდა რეგულაციები და ჩაგვკეტეს, ისედაც ჩამოქცეული ეკონომიკა, უბრალოდ გაცამტვერდება. კვლევებიც დაიდო, რომ ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან. პურის ყიდვასაც კი ვერ შეძლებენ!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები