ცხინვალი უცხოურ საჰაერო ხომალდებს "სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში" ადანაშაულებს

06-04-2021 17:08:13 კონფლიქტები

ცხინვალი უცხოურ საჰაერო ხომალდებს "სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში" ადანაშაულებს.

«სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 4 აპრილის ჩათვლით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში, 9 და მეტი ათასი მეტრის სიმაღლეზე უცხოური საჰაერო ხომალდების ფრენის 133 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, 35 მსგავსი შემთხვევა აღირიცხა იანვრის თვეში, 69 - თებერვალში, 28 - მარტში, 1- აპრილში», – აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ "ეს ფრენები პოტენციურ საფრთხეს შეიცავს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის».

ამასთან, ცხინვალის აზრით, "მსგავსი ფრენების გახშირება უკავშირდება 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მიერთებას ევროპის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (European Common Aviation Area), რომელიც საჰაერო სივრცის თავისუფალი მარშრუტიზაციის (Free-Route Airspace, FRA) გამოყენებას ითვალისწინებს".

«ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო ცდილობს, აღნიშნული შეთანხმება თავისი უკანონო პრეტენზიების ლეგიტიმაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს», – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები