ბერდია სიჭინავა: "ოცნების" ხმების ნაწილი გახარიას მიმართ მოსახლეობის ნდობის დამსახურებაა"
06/04/2021 16:16:22 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ბერდია სიჭინავა IRI-ს კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხმების ნაწილი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას მიმართ მოსახლეობის ნდობის დამსახურებაა.
"კვლევა ჩატარდა 2-26 თებერვლის პერიოდში, მათ შორის ინტერვიუების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი, ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება (ცნობისთვის, კვლევაში "ქართული ოცნების" რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი)", - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი "პოსტს" თან ურთავს "ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელშიც იგი ამბობს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს იდეებს და არა "ცალკეულ პირებს "ქართულ ოცნებაში".


