სუს–ი: "გალის რაიონის სამი მკვიდრი მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაიღუპა"

07-04-2021 12:09:19 კონფლიქტები

საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ეს წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში“, - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები