„მრცხვენია, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა“ – მუხთარლი სარჩელზე საუბრობს
07/04/2021 10:56:17 სამართალი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია.
მისი ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა დაკავშირებულია იმ სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის გამოძიებასაც 4 წელიწადია, არ დაადგა საშველი".
„წინა ჩამოსვლის დროს ავიაკომპანიის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, „ვერ შემოგიშვებთო“. ხუმრობა მეგონა და ვაჩვენე საბუთები, ის კი დაუკავშირდა საელჩოს და ამის შემდეგ მითხრა, რომ „შემომიშვებდა“.
როდესაც სასაზღვრო პუნქტი გამოვიარე, ბოლო წუთს მითხრეს, რომ „არ შეუძლიათ, მიმიღონ“. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ოპოზიციის მიტინგებში მივიღებდი მონაწილეობას. არ ვიცი, რას ფიქრობდნენ, მაგრამ ვიცი, რომ არასწორი ნაბიჯი იყო.
ევროსასამართლოში შევიტანე სარჩელი, ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ჩემს საქმეს ჰქვია „აფგან მუხთარლი საქართველოს წინააღმდეგ“, მრცხვენია, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა“,– განაცხადა მუხთარლიმ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ თბილისში პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა და სურს, რომ მისი საქმე გაიხსნას.
მუხთარლი გეგმავს, რომ ხვალ, 8 აპრილს მივიდეს პროკურატურაში. ამავე დღეს ის პრესკონფერენციას გამართავს.
"მინდა, რომ მივცე ჩვენება, როგორ გადამიყვანეს აზერბაიჯანში. მსურს ვაჩვენო გზაც. თვითონ უნდა ჰქონოდათ სურვილი რომ ჩამოვსულიყავი თბილისში და მეჩვენებინა დანაშაულის ადგილი. ეს მათი მოვალეობაა. ერთი წელი გავატარე ციხეში და როცა გამომიშვეს, მაინც არ გამომკითხეს.
მინდა, რომ ჩემს საქმეს სერიოზულად მიუდგნენ, გახსნან, თუმცა პროკურატურის დიდი მოლოდინი არ მაქვს.
ხვალ მივალთ პროკურატურაში, მივცემთ ჩვენებას, ერთხელ იყო შემთხვევა, რომ გადმომიგზავნეს კითხვები და პასუხებიც გავეცი, თუმცა ეს არ იყო დაკითხვა".
ცნობისთვის: აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.


