Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: "ევროპა არის დაღლილი. ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. დახმარების პირობითობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი ეთანხმება"

ევროპარლამენტარი: "ევროპა არის დაღლილი. ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. დახმარების პირობითობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი ეთანხმება"

07/04/2021 11:59:37 პოლიტიკა

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ–შეხვედრაზე საქართველოს შესახებ 7 ევროპარლამენტარის განცხადებაზე ისაუბრა და "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

"თუნდაც პატარა სახელმწიფოს შეუძლია, მისი მეგობრებისადმი მხარდაჭერის დიდი ჟესტი გააკეთოს"

"სანამ განცხადებაზე გადავალ, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა. მე ვარ ევროპარლამენტის წევრი, რომელიც არჩეულია ესტონეთიდან. მე წარმოვადგენ „სოციალ-დემოკრატების“ ჯგუფს და ვარ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი. ევროპარლამენტის წევრობამდე, მე ვიყავი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. გარდა ამისა, ვიყავი ესტონეთის ელჩი რამდენიმე ქვეყნაში. 2005 –2008 წლებში მე გახლდით ესტონეთის ელჩი რუსეთში. მე საქართველოს ლიდერებთან ყოველთვის შესანიშნავი თანამშრომლობა მქონდა. მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოს. ამის ერთ–ერთი მაგალითია, როდესაც მე ვიყავი ელჩი რუსეთში, ჩემს საელჩოში იმ პრუდუქციით, რომელიც რუსეთმა ემბარგო დაუწესა ვუმასპინძლდებოდი რუს ოფიციალურ პირებს, ვინც კი გვეწვეოდა. ქართულ შესანიშნავ ღვინოებს ვყიდულობდი ესტონეთში და ყველა რუს ოფიციალურ პირს, რომლებიც ჩვენს საელჩოს სტუმრობდნენ, ვუმასპინძლდებოდით "ხვანჭკარათი", "ქინძმარაულით" და სხვა შესანიშნავი ქართული ღვინოებით. თუნდაც პატარა სახელმწიფოს შეუძლია, მისი მეგობრებისადმი მხარდაჭერის დიდი ჟესტი გააკეთოს", – განაცხადა კალიურანდმა.

​ევროპარლამენტის სოლიდარობა და ერთიანობა

კალიურანდი თქმით, ევროპარლამენტარებმა გავრცელებული განცხადებით ევროპარლამენტის სოლიდარობა და ერთიანობა აჩვენეს.

"​ახლა რაც შეეხება განცხადებას, ჩვენ ამ განცხადებით ევროპარლამენტის სოლიდარობა და ერთიანობა ვაჩვენეთ. ევროპარლამენტში ჩვენ ხშირად წარმოვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს. თუმცა მე, როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, არასოდეს წარმოვადგენ "სოციალ–დემოკრატებს". მე ყოველთვის წარმოვადგენ ევროპარლამენტს მთლიანად და ვცდილობ, დავიცვა ბალანსი, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, ევროპარლამენტში ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგჯერ ზოგიერთი ევროპარლამენტარი თავის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ევროპარლამენტისას, ან საქართველოსას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაღწიეთ საერთო კონსენსუსს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელეთ", – აცხადებს კალიურანდი.

"პირველ ნაბიჯებს მმართველი პარტიიდან ველოდებით, თუმცა დანარჩენებმა [ოპოზიციამ] ამ ნაბიჯებს პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ მას"

როგორც ევროპარლამენტარი აცხადებს, შეთანხმების მიღწევაზე ორივე მხარეს – მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა – მმართველ პარტიას.

"ამ განცხადებაში ჩვენ ყველა პოლიტიკურ ლიდერს ვაკრიტიკებთ, რომლებიც ჩართულები იყვენენ მედიაციის პროცესში. უნდა აღვნიშნო, რომ კომპრომისს ევროკავშირი ვერ მიაღწევს, ელჩი დანიელსონი ვერ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს და ვერ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად. ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ. ვალდებულებები ორივე მხარესაა. დიახ ჩვენ პირველ ნაბიჯებს მმართველი პარტიიდან ველოდებით, თუმცა დანარჩენებმა [ოპოზიციამ] ამ ნაბიჯებს პატივი უნდა სცენ და მიჰყვნენ მას", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

"ევროპა არის დაღლილი. დაუსრულებლად ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის ვიზიტებსა და მედიაციებს"

როგორც კალიურანდი აცხადებს, საქმე ეხება საქართველო –ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებსა და საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში, შესაბამისად, მისი თქმით, მნიშვნელოვანია კონსენსუსის მიღწევა.

"მინდა, იცოდნენ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ საქმე ეხება საქართველო– ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებსა და საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში. მაშინ როცა ევროპა უამრავი გამოწვევის, მათ შორის პანდემიის წინაშეა, ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საკითხის განხილვა. ევროპა არის დაღლილი. დაუსრულებლად ვერ შემოგთავაზებთ მაღალი დონის ვიზიტებსა და მედიაციებს. ეს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი თავდადებაა, ამაზე მეტი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენადაა ევროპა პროცესში ჩართული და მისი ერთგული და გადაწყვეტილებები ამაზე დაფუძნებით მიიღოს", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

"დახმარების პირობითობას ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი ეთანხმება"

კალიურანდის თქმით, საქართველოს დახმარების პირობითობას ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფი ეთანხმება.

"რაც შეეხება პირობითობის პრინციპს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ამას ყველა პოლიტიკური ჯგუფი ეთანხმება. როცა ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში რეფორმებს, ქვეყნის გზას ევროპისკენ და ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ერთგულებას ქართული მხარის მიერ, მაშინ ჩვენ უნდა შემოვიღოთ პირობითობა", – დასძინა მან.

"პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია. ესაა ერთადერთი გზა დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ"

ევროპარლამენტარის თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

"რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა იმის საშუალება, ჩამოვსულიყავით და მონიტორინგი ადგილზე ჩაგვეტარებინა. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამოგზაურო შეზღუდვები პანდემიის გამო. ჩვენ პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ეუთო–ს დასკვნებს. იქ აშკარად არის ნათქვამი, რომ არჩევნებს ჰქონდა პრობლემა, თუმცა საერთო ჯამში, იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ქართველმა ხალხმა განაცხადა, რომ მისცა მანდატები პოლიტიკოსებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკოსმა არ აიღო ეს მანდატი. თუ გინდა ცვლილებები და რეფორმები თქვენ უნდა იყოთ პარლამენტში. პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია. პარლამენტს სჭირდება ძლიერი ხმა ოპოზიციის. ესაა ერთადერთი გზა დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარებისკენ", – დასძინა მან.

იხილეთ ასევე: როგორ აღიქვამენ ევროპარლამენტარების განცხადებას "ოცნებასა" და ოპოზიციაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S