
თურქეთში ათობით ყოფილ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
07/04/2021 20:17:49 მსოფლიო
თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 38 ყოფილ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
თურქული მედიის ცნობით, გასამართლებულთა შორის არიან ყოფილი მაიორები, პოლკოვნიკები და ვიცეპოლკოვნიკები. მსჯავრდებულებს შორისაა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ყოფილი სამხედრო თანაშემწე ალი იაზიჩი.
კიდევ 106 ადამიანს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 61 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პრეზიდენტის გვარდიის ყოფილ მეთაურს მუჰსინ ქუცი ბარის.
2016 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, რომელსაც ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის კვალიფკაცია მისცა, ქვეყანაში 80 ათასამდე ადამიანი დააკავეს, 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს. გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.