
ადვოკატი: "მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს მელია"
08/04/2021 07:49:35 სამართალი
ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, პროკურატურის განცხადება გირაოს გადახდის შესახებ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
კონდახაშვილის განცხადებით, პროკურატურა აღიარებს, რომ პატიმრობა არ არის ერთადერთი აღკვეთის ღონისძიების სახე, რისი გამოყენებაც სასამართლოს შეუძლია:
„თუკი პროკურატურას აქვს მსგავსი პოზიცია, ნიშნავს, რომ პროკურატურა აღიარებს, რომ პატიმრობა არაა უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება. მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს მელია, როცა იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების განგრძობადობის საკითხზე. ამაში დამეთანხმება ნებისმიერი იურისტი. თუ პროკურატურის საჯარო პოზიციაა, რომ გირაოს ქვეშაც შესრულდება აღკვეთის ღონისძიების მიზნები, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს მელია, ვინაიდან პატიმრობა არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება".
მელიას ადვოკატის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარე ვერ დაესწრება სასამართლო სხდომას, თუმცა ამასთან დაკავშირებით ისინი შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ:
„ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. დავაყენებთ შუამდგომლობას ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ დაესწროს სხდომას. ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია - მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება არის ხელისუფლების მიერ მისაღები გადაწყვეტილება. როგორი პოზიცია ექნება პროკურატურას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ყველა ვიხილავთ".
პროკურატურამ პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ ნიკა მელიას შეუძლია, გადაიხადოს გირაო. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა".
გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყო. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.