Accentnews.ge
ჟერარ დეპარდიეს ქართულ ფილმში იღებენ

ჟერარ დეპარდიეს ქართულ ფილმში იღებენ

08/04/2021 09:10:11 პოლიტიკა, საზოგადოება

ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის მერაბ კოკოჩაშვილის მხატვრულ ფილმში “ტერცო მონდო”, რომელსაც 300 000-ლარიანი სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ, ეპიზოდურ როლებს ჟერარ დეპარდიე და როსი დე პალმა შეასრულებენ.

გადაღებების ამსახველი ვიდეორგოლი ამასწინათ ეროვნული კინოცენტრის ვებ-გევრდზე გამოქვეყნდა.

როგორც ფილმის პროდიუსერი ხათუნა ხუნდაძე აცხადებს, ორივე კინოვარსკვლავს საინტერესო როლები აქვს: “ისინი ერთმანეთს სკაიპით საქართველოზე, ქართულ ღვინოსა და კულტურაზე ესაუბრებიან”.

ფრანგი კინოვარსკვლავის ჰონორარის ოდენობა არ საჯაროვდება. ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგი ჩხეიძე განმარტავს, რომ ჰონორარებს მისი უწყება არ ფარავს. «რამდენადაც ვიცი, ამ მსახიობებთან კონტრაქტები ჯერ არ გაფორმებულა და ეს ყველაფერი ალბათ, მხოლოდ იდეის დონეზეა” – ამბობს ჩხეიძე.

თავად მერაბ კოკოჩაშვილი კი აცხადებს, რომ მის ფილმში დეპარდიეს მონაწილეობა უხერხულობას არ უქმნის, რადგან “დეპარდიე მთელს საქართველოში უყვართ და ადრე არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა”.

მაგრამ დეპარდიე საქართველოში, სამწუხაროდ, არა მარტო კინოვარსკვლავად, არამედ აფხაზეთის საკითხში დაფიქსირებული მიუღებელი პოზიციითა და პუტინთან პირადი მეგობრობითაცაა ცნობილი.

2013 წელს იგი ოკუპირებულ რეგიონში უკანონო გზით – “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის დარღვევით იყო ჩასული.

«მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ, აფხაზეთი კი მსოფლიოს ნაწილია და მოხარული ვარ აქ ყოფნით. თქვენი დამოუკიდებლობა მხოლოდ 20 წლისაა – ეს სიყმაწვილის ასაკია, როცა შენებას იწყებ. აფხაზეთს კეთილდღეობას ვუსურვებ, აფხაზ ხალხს კი - ძალას, ყოველთვის დამოუკიდებელი იყოს», — განაცხადა ფრანგმა მსახიობმა აფხაზეთში ვიზიტისას.

თბილისში მაშინ აფხაზეთის მიმართ დეპარდიეს საქციელი გააპროტესტეს. თუმცა ოფიციალურმა პირებმა მას ერთგვარად “ხელი გადააფარეს” და იმავე წლის ოქტომბერში თბილისში ვიზიტისას დეპარდიეს პრობლემები არ შეჰქმნია. როგორც იმხანად შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განმარტა, დეპარდიეს პასპორტში აფხაზეთში ვიზიტის დამადასტურებელი შტამპი არ ჰქონდა და შესაბამისად, მესაზღვრეები ვერ შეაჩერებდნენ. იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ «ჟერარ დეპარდიე ის კაცი არ არის, რომლის მიმართაც ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება».

ცნობილია ასევე ფრანგი მსახიობის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მეგობრობის თაობაზე. ისინი ბევრჯერ შეჰხვედრიან ერთმანეთს, 2013 წელს კი პუტინმა პირადად გადასცა დეპარდიეს რუსეთის მოქალაქის პასპორტი, რომელიც მსახიობმა ფრანგული მთავრობის მიერ ფუფუნებაზე დაწესებული 75%-იანი გადასახადის მიმართ პროტესტის ნიშნად ითხოვა. პასპორტის ასაღებად დეპარდიე მაშინ სოჭში ჩაფრინდა, რათა პირადად მიეღო პასპორტი პუტინისგან.

«[პუტინმა] დამირეკა, ჩასვლა მთხოვა, თვითმფრინავი გამომიგზავნა და შემდეგ პასპორტიც გადმომცა. მას შემდეგ პერიოდულად ვხვდებით და ამ საუბრების დროს ბევრს ვიცინი. გავიცანი თუ არა, პუტინში “ჩემიანი” ამოვიცანი. ვიცი, ჟურნალისტები მას მონსტრად თვლიან, მაგრამ მე ჩემს წინაშე მონსტრი არასოდეს მინახავს. რუსი ხალხი ძალიან ბედნიერია. კარგი, მთლად ასე ვერ ვიტყვით, მაგრამ სადაც არ ვყოფილვარ… რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც დაუშვებელია, მაგრამ პირადად მე მათ არ შევსწრებივარ», — განუცხადა დეპარდიემ 2020 წელს ტელეარხ “Canal+”-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S