საქართველოში რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დღეს გახდება ცნობილი

08-04-2021 13:48:33 საზოგადოება

საქართველოში რომელ ასაკობრივ ჯგუფებში იქნება რეკომენდებული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ევროპის მარეგულირებელმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი დასკვნა, რომლის თანახმადაც ისევ ცალსახად არის მითითებული, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი რისკებს აღემატება. აქვე მითითებულია სიახლე, რომელიც უკავშირდება იშვიათ შემთხვევაში შესაძლო თრომბოემბოლიური გართულებების სავარაუდო კავშირს „ასტრაზენეკასთან“. ასევე ხაზგასმულია, რომ ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, ისევე როგორც ანაფილაქსია. ამდენად, მოწოდებაა, რომ ამ ტიპის გართულებებს ყურადღება მივაქციოთ. ამ ტიპის სურათი უფრო ახალგაზრდა პირებშია დადგენილი. ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 30 წლამდე პირებისთვის აღარ გაუწიოს რეკომენდაცია „ასტრაზენეკას“ გამოყენებას. ზოგიერთი ქვეყანა უფრო მაღალ ასაკს მიიჩნევს, 55 და 60 წელს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ჩამოყალიბებული. დღეს იქნება ამასთან დაკავშირებით ექსპერტების ჯგუფის შეხვედრა და დღის ბოლომდე ვფიქრობ, პოზიცია სრულად იქნება ჩამოყალიბებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: 7 აპრილს "ევროპის წამლის სააგენტომ" (EMA) განაცხადა, რომ "თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლო კავშირი დაადგინა". აღნიშნულის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად, ალტერნატიული ვაქცინა შესთავაზონ.

იხილეთ ასევე: ჯანმო: "თრომბსა და "ასტრაზენეკას" ვაქცინას შორის კავშირი შესაძლოა, თუმცა იშვიათ შემთხვევაში"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები