ფელგენგაუერი  არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ვითარების გამწვავებამ მე–3 მსოფლიო ომი გამოიწვიოს: "ვეჭვობ, კრემლში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია"

08-04-2021 15:59:12 მსოფლიო

რუსი ექსპერტი სამხედრო საკითხებში პაველ ფელგენგაუერი არ გამორიცხავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებამ პანევროპული ან მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. "როსბალტთან" ინტერვიუში მან გამოთქვა ეჭვი, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება კრემლში უკვე მიღებული აქვთ.

როდის ველოდოთ პანევროპული ან მესამე მსოფლიო ომის დაწყებას

ექსპერტი ეხმიანება რუსული სამხედრო ძალისა და ტექნიკის დონბასის მიმართულებით გადაადგილების ამსახველ კადრებს, რომლებიც ბოლო დროს მრავლად რცელდება სოციალურ ქსელებსა და რიგ მედიასაშუალებებში და აცხადებს, რომ ომი შესაძლოა, სულ რაღაც ერთ თვეში გაჩაღდეს.

"რუსეთის ზრახვების ზუსტად განსასაზღვრად ფსიქოანალიტიკოსია საჭირო. თუმცა ჩემი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, ომი სულ რაღაც ერთ თვეში გაჩაღდეს. საფრთხეები სწრაფად იზრდება. ჩვენ ვხედავთ ძალიან ცუდ ნიშნებს. მაგალითად, მარტის მესამე კვირას რუსეთის ბალტიის ფლოტილიის სამი დიდი ხომალდი ინგლისის არხის გავლით გადაადგილდა და მათ თან კორვეტი ახლდათ. რუსეთი შესაძლოა, ოდესასა და მიკოლაივს შორის "ნორმანდიის ტიპის დესანტს" გეგმავდეს. ცხადია, მიმდინარეობს მთავარი ოპერაციის მომზადება და სხვა ძალების მობილიზებაც განხორციელდება. ყველა საუბრობს ბელგოროდიდან ხარკოვის გავლით შესაძლო სატანკო შეჭრაზე ზაპოროჟიას მიმართულებით, რათა უკრაინული ძალები დონბასის მარცხენა სანაპიროზე შემოიკრიბოს. პუტინმა შესაძლოა, უკრაინას ზღვაზე გასასვლელი საერთოდ წაართვას, შექმნას "ნოვოროსია", ან შესაძლოა, ჯერ რაღაც ნაბიჯი გადადგას, შემდეგ გაჩერდეს – პაუზა აიღოს და დაიწყოს დასავლეთთან "კარნახის" ტონით საუბარი. ყველა პირობა შეიძლება, მაისის დასაწყისისთვის შეიქმნას, როდესაც რუსეთი "წითელ მოედანზე" დიდ აღლუმს ჩაატარებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით", – განაცხადა ექსპერტმა, რომლის ვარაუდით, "კრემლში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია".

რატომ უნდა აწყობდეს რუსეთს კონფლიქტი ახლა?

ფელგენგაუერის აზრით, პუტინს საამისოდ რამდენიმე მიზეზი უკვე აქვს: "არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს რუსეთს, მიიტაცოს უკრაინის მიწა. ესენია: უკრაინაში პრორუსული სატელევიზიო არხების დახურვა, უკრაინელ პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკის დაპატიმრებისა და გასამართლების საფრთხე, ალექსეი ნავალნის დაპატიმრება და აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება, "პუტინი მკვლელიაო".

დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი "გაურკვეველი" რეაქცია

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის შესაძლო აგრესიულ ნაბიჯებზე დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი რეაქცია "გაურკვეველია".

"დასავლეთმა სწორად გამოხატა შეშფოთება რუსული სამხედრო ძალის გადაადგილების გამო, თუმცა მისი შესაძლო რეაგირება გაურკვეველია. ზოგი [დასავლეთში] ამბობს, რომ რუსების პროვოცირება არ უნდა მოხდეს და სამხედრო ჩარევა ძალიან სარისკოა. სხვები პირიქით, (რუსეთისა და უკრაინის) გაერთიანებასა და ღია კონფრონტაციას ემხრობიან, რადგან თვლიან, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რუსეთთან ვაჭრობა. სადღეისოდ არსებულ ვითარებას აქვს პოტენციალი, გადაიზარდოს პანევროპულ ომში, ან თუნდაც მსოფლიო ომში. თუმცა ჯერ-ჯერობით ეს პოტენციალია. მოხდება თუ არა ეს - დაველოდოთ და ვნახოთ". – აღნიშნავს ფელგენგაუერი.

ცნობისთვის: უკრაინაში ეუთო–ს მონიტორინგის სპეციალურმა მისიამ გასული 24 საათის განმავლობაში დონეცკის ოლქში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 55 შემთხვევა დააფიქსირა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".

3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები