Accentnews.ge
მუხთარლი პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი  გამოკითხვა ვერ შედგა

მუხთარლი პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი  გამოკითხვა ვერ შედგა

08/04/2021 14:06:42 სამართალი

აზერბაიჯანელ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს პროკურატურაში დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ შედგა.

როგორც თავად მუხთარლიმ განაცხადა, ენობრივი ბარიერის გამო გამოკითხვა ვერ შედგა.

„კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა. 4 საათს ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს", - აცადებს მუხთარლი.

მოგვიანებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მუხთარლისთვის თარჯიმნის შეთავაზების საკითხი განმარტა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მუხთარლიმ თქვა, რომ ორი თარჯიმნიდან ვერცერთმა ვერ უზრუნველყო მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანი, ხოლო, მესამეს მოწვევაზე მან უარი განაცხადა.

„მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ აზერბაიჯანული ენის თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოიწვიეს ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა. ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს“,-აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩვენების მისაცემად საქართველოში გუშინ დაბრუნდა. იგი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S