Accentnews.ge
ადვოკატის თქმით, მუხთარლის საქმეზე პროკურატურა თანახმაა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს

ადვოკატის თქმით, მუხთარლის საქმეზე პროკურატურა თანახმაა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს

08/04/2021 14:10:11 სამართალი

აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის გამოძიების ფარგლებში სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდება.

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღებენ მონაწილეობას.

„თუ იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მზად ვართ, კვლავ გამოვცხადდეთ დილიდანვე და მონაწილეობა მივიღოთ გამოკითხვაში და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რომელსაც აპირებს საგამოძიებო: საგამოძიებო ექსპერიმენტში თუ რაიმე ნიმუშის აღებაში, იქნება ეს დნმ თუ სხვა", - აცხადებსჩოფიკაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამოთქვა თუ არა მზაობა საგამოძიებო უწყებამ ექსპერიმენტის ჩატარების საკითხზე, ადვოკატი პასუხობს, რომ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება.

„კი, სავარაუდო თარიღი ჯერ არაა ცნობილი, ეს უნდა მოხდეს გამოკითხვის შემდეგ", - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩვენების მისაცემად საქართველოში გუშინ დაბრუნდა. იგი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S