
სამხარაძე მუხთარლის საქმეზე საუბრისას კვირიკაშვილის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს
08/04/2021 16:00:35 პოლიტიკა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა.
მუხთარლის გატაცებაზე საუბრისას, სამხარაძე ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს:
"გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვისი ბრძანებით გაკეთდა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს".
ცნობისთვის: აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩვენების მისაცემად საქართველოში გუშინ დაბრუნდა. იგი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.