"ვიდრე ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები"

08-04-2021 22:18:02 ადამიანი და კანონი

"ვიდრე ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები", – ამის შესახებ აზერბაიჯანემა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ განაცხადა.

"არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების, რადგან ჩემი გატაცებით, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების. პრემიერ–მინისტრის შეცვლა არ გულისხმობს არსებული ხელისუფლების შეცვლას, შესაბამისად ჩემი გამტაცებელი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში რჩება. "ქართულ ოცნებაში" არა ღირებულებების გარშემო, არამედ ერთი მილიარდერის გარშემო არიან შეკრებილი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ, რამდენადაც მას [ივანიშვილს] ექნება გავლენა უშუალოდ საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები", – აცხადებს მუხთარლი.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩვენების მისაცემად საქართველოში გუშინ დაბრუნდა. იგი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები