"თუ კვირიკაშვილი უარყოფს ბრძანების გაცემას, ე.ი. იგი არც ყოფილა პრემიერი"
09/04/2021 13:13:22 სამართალი
"გიორგი კვირიკაშვილმა ჩემი გატაცების შესახებ იცოდა, მისი ნებართვის გარეშე ოთხი განსხვავებული უწყება ერთად მსგავს დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, თუ კვირიკაშვილი ამას უარყოფს ესე იგი, იგი არც ყოფილა პრემიერი", - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ გენერალურ პროკურატიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიებასთან ის უწყებები დაასახელა, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.
“4–საათიანი დაკითხვის დროს ძირითადი კითხვები, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან იყო დასმული შეეხებოდა ჩემს გატაცებას, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა მასში, რამდენი ხნით ვმგზავრობდით და სხვა. მე მივაწოდე ინფორმაცია ყველა იმ პირზე, ვინც მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში აზერბაიჯანული მხრიდან. რაც შეეხება ქართულ მხარეს, კონკრეტული სახელების დასახელება არ შემიძლია, მე მხოლოდ იმ უწყებებზე შემიძლია საუბარი, ვინც იყო ჩართული ჩემს გატაცებაში. ეს არის მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია და სასაზღვრო სამსახური. ვფიქრობ, რომ ეს დაკითხვა მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, რადგან საქმე პოლიტიკურია და არ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა გამოიძიებს”, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ.
ცნობისთვის: აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩვენების მისაცემად საქართველოში 7 აპრილს დაბრუნდა. იგი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის 17 მარტს, აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობდნენ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და მათი შვილი, რომელთაც გერმანიის მთავრობამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გათავისუფლებისთანავე აღნიშნავდა, რომ გეგმავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საქართველოში დაბრუნებულიყო და საგამოძიებო ორგანოებისთვის მისი გატაცების თაობაზე ჩვენება მიეცა.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.


