
ჩრდილოეთ ოსეთის ახალი ხელმძღვანელი 2008 წლის ომის მონაწილე ადმირალია
09/04/2021 14:38:36 კავკასია
ვიცე-ადმირალი სერგეი მენიაილო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში.
კერძოდ, იგი სამხედრო-საზღვაო სადესანტო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. სწორედ მენიაილო ედგა სათავეში აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო ხომალდების ჯგუფს, რომელსაც რუსული კონტინგენტის გადმოსხმა უნდა უზრუნველეყო.
უკვე ომის შემდეგ, 2009 წლის ოქტომბერში მენიაილო შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2011 წლის 22 დეკემბერს იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა და თადარიგში გადავიდა.
დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მენიაილოსთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფედერალური ცენტრი ახალ თანამდებობაზე მის საქმიანობას ყოველმხრივ გაუწევს მხარდაჭერას.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "ჩრდილოეთ ოსეთი ყოველთვის იყო რუსეთის ფორპოსტი ამ რეგიონში".
ცნობისთვის: ჩრდილოეთ ოსეთის ყოფილი ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ბიტაროვი პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. რუსული მედიის ცნობით, ბიტაროვმა გადადგომა თავად ითხოვა.