უკრაინის მხარდამჭერ აქციას ელჩი შეუერთდა: "მჯერა, საქართველო და უკრაინა ერთად შევძლებთ, ვძლიოთ საფრთხეებს"
12/04/2021 11:01:00 პოლიტიკა
უკრაინის მხარდამჭერ აქციას საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი შეუერთდა.
დიპლომატმა საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა:
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. უკრაინა ეძებს საერთაშორისო სოლიდარობას და მხარდაჭერას, ვინაიდან მეზობელი რუსეთისგან ახალი აგრესიული ნაბიჯების ახალი ტალღა ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდით დგას. ქართველები და უკრაინელები დგანან ერთად თავიანთ ამბიციებსა და გეგმებში ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების კუთხით. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი მოსკოვის მხრიდან მითითებების და გავლენის მოხდენის გარეშე. ჩვენ ერთად ვართ, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ამ ნაბიჯს. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ვძლიოთ საფრთხეებს და შევქმნათ ჩვენი მომავალი, ისე, როგორც ეს ჩვენმა ხალხმა ჩვენს მთავრობებს დაავალა".
უკრაინის საელჩოსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დონეცკის ოლქში კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ და შედეგად უკვე რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
კრემლი დონბასში რუსული ძალების შეყვანის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ "რუსეთი საკუთარი შეხედულებისამებრ გადააადგილებს ჯარს საკუთარ ტერიტორიებზე და ეს სხვა ქვეყნებს არ ეხებათ".
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ბაიდენმა იგი დაარწმუნა, რომ "უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ".
იხილეთ ასევე: რა ელის რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში


