რა ელის რუსეთს უკრაინასთან ომის შემთხვევაში

09-04-2021 19:17:13 ანალიზი

კვლავ დაძაბული რჩება ვითარება რუსეთ–უკრაინის საზღვარზე: რუსი სამხედროების განსაკუთრებული მობილიზება (რომელიც კონფლიქტოლოგების მიერ 2015 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად ფასდება) მარტის ბოლოდან იქნა შემჩნეული. კრემლის პრეს–სპიკერი ირწმუნება, რუსული სამხედრო ძალების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება „არავის უნდა აწუხებდეს, რადგან ეს საფრთხეს არ წარმოადგენსო“, 8 აპრილს კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, „რუსეთი იძულებული იქნება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები დონბასში, რაც კონფლიქტის მასშტაბზეა დამოკიდებელიო“. 9 აპრილს CNN იუწყება, რომ აშშ უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს და როგორც თურქული მედია წერს, ოფიციალურ ანკარას შავ ზღვაში სამხედრო გემების შემოყვანაზე შეტყობინება გაეგზავნა კიდეც, რასაც „მონტროს კონვენცია“ ითვალისწინებს. ინფორმაციას წინ უსწრებდა აშშ–ისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, „დამარწმუნა ჯო ბაიდენმა, უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგო".

მოვლენათა ანალიზი რუს ექსპერტს სამხედრო საკითხებში პაველ ფელგენგაუერს აფიქრებინებს, რომ ომი შესაძლოა, სულ რაღაც ერთ თვეში გაჩაღდეს და არ გამორიცხავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავებამ პანევროპული ან მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს:

„საფრთხეები სწრაფად იზრდება. ჩვენ ვხედავთ ძალიან ცუდ ნიშნებს. მაგალითად, მარტის მესამე კვირას რუსეთის ბალტიის ფლოტილიის სამი დიდი ხომალდი ინგლისის არხის გავლით გადაადგილდა და მათ თან კორვეტი ახლდათ. რუსეთი შესაძლოა, ოდესასა და მიკოლაივს შორის "ნორმანდიის ტიპის დესანტს" გეგმავდეს. ცხადია, მიმდინარეობს მთავარი ოპერაციის მომზადება და სხვა ძალების მობილიზებაც განხორციელდება. ყველა საუბრობს ბელგოროდიდან ხარკოვის გავლით შესაძლო სატანკო შეჭრაზე ზაპოროჟიას მიმართულებით, რათა უკრაინული ძალები დონბასის მარცხენა სანაპიროზე შემოიკრიბოს. პუტინმა შესაძლოა, უკრაინას ზღვაზე გასასვლელი საერთოდ წაართვას, შექმნას "ნოვოროსია", ან შესაძლოა, ჯერ რაღაც ნაბიჯი გადადგას, შემდეგ გაჩერდეს – პაუზა აიღოს და დაიწყოს დასავლეთთან "კარნახის" ტონით საუბარი. ყველა პირობა შეიძლება, მაისის დასაწყისისთვის შეიქმნას, როდესაც რუსეთი "წითელ მოედანზე" დიდ აღლუმს ჩაატარებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით", – განაცხადა ექსპერტმა, რომლის ვარაუდით, "კრემლში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია".

სახეზე არსებული სერიოზული ესკალაციის გათვალისწინებით, სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების მაღალ რისკს ხედავს „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, წარსულში საქართველოს ელჩი უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილიც და აღნიშნავს, რომ კრემლმა სამხედრო ქვედანაყოფების უკრაინის საზღვარზე გადმოსასროლად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გასწია.

როგორც ანალიტიკოსი „აქცენტთან“ საუბრისას აღნიშნავს, პუტინის მოტივაცია ორი ფაქტორითაა განპირობებული:

  • თავად უკრაინის;
  • აშშ–ის პოზიციის.

ჩეჩელაშვილის დაკვირვებით, პუტინის გაღიზიანება ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებმა გამოიწვია:

  • აშშ რუსეთს არ აღიქვამს მთავარ მეტოქედ და ეს როლი ჩინეთს ეკუთვნის;
  • ბაიდენმა პუტინს „მკვლელი“ უწოდა;
  • ბაიდენმა პუტინთან კომუნიკაციაზეც უარი განაცხადა.

„პუტინი ცდილობს, ქვეყნის შიგნით და გარეთ შეიქმნას იმიჯი, თითქოს თავადაა დიდი გეოპოლიტიკური თამაშების სრულფასოვანი მონაწილე აშშ–სა და ჩინეთთან ერთად, რადგან ევროპას სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად არ თვლის (ეს რამდენჯერმე გამოჩნდა. იგივე ლავროვმა თავს უფლება ორჯერ მისცა, ევროპელებისთვის არასაიმედო პარტნიორები ეწოდებინა) და ამ ესკალაციით ცდილობს, დიდი მოთამაშეების მაგიდასთან საკუთარი ადგილი დაიბრუნოს“.

რაც შეეხება უკრაინას, ჩეჩელაშვილი ზელენსკის უკანასკნელ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში ინტეგრირებული რუსული „მეხუთე კოლონის“ წინააღმდეგ და მაგალითად ვიქტორ მედვედჩუკის ფიგურა და მისი ოპოზიციური ბლოკი მოჰყავს:

„ამ გაბედულმა ნაბიჯებმა პუტინი ძალიან გააღიზიანა, რადგან ის უკრაინის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტებს კარგავს და ზელენსკის შეშინება ან დასჯა მოინდომა“.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი ესკალაციის საფუძვლებს რუსეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ კრიზისში ხედავს:

„რუსეთის ხელისუფლებას რეალურად სხვა არც არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ შიდა დაძაბულობა განმუხტოს, როგორც რუსები ამბობენ, „მცირე წარმატებული ომით“, მაგრამ რამდენად „წარმატებული“ იქნება ეს ომი, ჯერ კიდევ საკითხავია: ახლა რუსეთის აგრესიული მიზნების წინააღმდეგ უკრაინის არმიას (რომელიც 2014 წელს ფაქტობრივად ჩამოშლილი, ხელმძღვანელობის, შეიარაღების გარეშე იყო) გვერდში ფაქტობრივად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალები უდგას, მათ შორის, ამერიკის, ევროპის. ამდენად, თუ „ნაპერწკალი“ მართლაც გამოიკვესა, ამას შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს ორივე მხარისთვის: გასაგებია, რომ რუსეთს ჰყავს უზარმაზარი არმია, სამხედრო მანქანისთვის მობილიზებული რესურსებით და შეუძლია, ძალიან მძიმე დესტრუქცია გამოიწვიოს უკრაინის არმიის, სახელმწიფო მეურნეობის, ინფრასტრუქტურის ა.შ. წინააღმდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ,როგორც უკვე აღვნიშნე, უკრაინის არმია ის აღარაა, რაც 2014 წელს იყო, მეორეც – ნატო–ს წამყვანი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები მზაობას გამოთქვამენ, მხარში დაუდგნენ მას თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვაში. ამიტომ, ეს ასე მარტივად არც რუსეთისთვის დასრულდება. დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთში ხელმძღვანელობას კეთილგონიერება ეყოფა, რომ ამგვარი არმაგედონი არ დაატრიალოს ცენტრალურ ევროპაში. რუსეთი ათჯერ უნდა დაფიქრდეს, ვიდრე საბედისწერო ნაბიჯს გადადგამს, რა თქმა უნდა, თუკი აპირებს მსგავსი ნაბიჯის გადადგამს“,– ამბობს „აქცენტთან“ მენაღარიშვილი და ელის რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა იქნება „პირდაპირი და რეალური“.

ჩეჩელაშვილიც დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინას „არ დათმობს“:

„თუ პუტინი გარისკავს [ფართომასშტაბიან ომს – რედ.], ეს უკრაინისთვის ძალიან რთული განსაცდელი (მას პარტნიორების, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერა სჭირდება), რუსეთისთვის კი სრული კატასტროფა იქნება. თუ რუსეთს აქვს ილუზია, რომ აშშ უკრაინას დათმობს, ეს მცდარია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი დღეს უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, არამედ იმიტომაც, რომ ეს ამერიკისთვის და მისი ახალი პოლიტიკისთვის (რომელმაც იზოლაციონიზმი დაასრულა და საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიური მოთამაშის როლით დაბრუნდა), სერიოზული გამოწვევაა. მისი რეპუტაცია და ავტორიტეტია სასწორზე. ამიტომ, აშშ ყველანაირი სახის ტექნოლოგიურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს უკრაინას, ერთადერთი, ალბათ ამერიკელ ჯარისკაცებს ვერ ვიხილავთ უკრაინის ტერიტორიაზე (ვფიქრობ, საქმე აქამდე არ მივა)“.

ამასთან, ჩეჩელაშვილი ელის, რომ საომარი მოქმედებების კვალდაკვალ რუსეთში წინააღმდეგობის მოძრაობა გაძლიერდება, ისევე როგორც 90–იან წლებში ჩეჩნეთის ომის დროს:

„მიუხედავად პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც მთელი სიმძლავრითაა ამოქმედებული, რუსეთში ძალიან რთული იქნება იმის ახსნა, თუ რატომ უნდა იღუპებოდნენ რუსი ბიჭები უკრაინაში უკრაინელების წინააღმდეგ (თავიანთ მოძმე ერთან) ბრძოლაში. გარდა ამისა, დასავლეთი მის ქსელში არსებულ ყველა ბერკეტს, მათ შორის, ეკონომიკურს გამოიყენებს, რომ სეროზული დარტყმა მიაყენოს რუსეთს. ეს ძალიან სერიოზული თამაშია!“.

რატომ ეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს?

ირაკლი მენაღარიშვილის ანალიზის მიხედვით, უკრაინა და საქართველო ერთი და იგივე გეოსტრატეგიულ არეალს მიეკუთვნებიან (შავი ზღვა და კასპიის ზღვის რეგიონი) და უკრაინის „დაჩოქებით“ რუსეთი შეძლებს, მიაღწიოს ძირითად სტრატეგიულ მიზანს – ყოფილი საბჭოთა ძლიერების აღდგენა სივრცეში, რომელშიც საქართველოც მოიაზრება:

„შესაბამისად, ეს საფრთხე ავტომატურად ვრცელდება ჩვენზე. ამდენად, ჩვენ არა მარტო მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის დამოუკიდებლობას, არამედ, უკრაინის დამოუკიდებლობა ჩვენი დამოუკიდებლობის ორგანული ნაწილია!“.

საქართველოს უკრაინაში ელჩი არ ჰყავს

მაისში ერთი წელი შესრულდება, რაც საქართველოს უკრაინიდან ელჩი კონსულტაციებისთვის ჰყავს გამოწვეული და თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გავითვალისწინებთ, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებასა და ამ მიზნით უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების აუცილებლობაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გახანგრძლივებული „კონსულტაცია“ დასასრულს უახლოვდება. ამ მიმართულებით პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ ანალიტიკოსები, რომელთაც „აქცენტი“ ესაუბრა:

„ურთიერთობა არანორმალურია, რადგან ამდენი ხანია, საქართველოს ელჩი კონსულტაციაზეა გამოწვეული და გვესმის, რომ ეს გამოწვევა მხოლოდ საუბარს არ ნიშნავს. ამას სჭირდება სერიოზული შეფასება, სერიოზული დასკვნების გაკეთება. ზოგიერთი ავანტიურისტი პოლიტიკური ფიგურის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არ უნდა იქცეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაგრილების საფუძვლად. საელჩომ უნდა აღადგინოს მუშაობა სრული დატვირთვით და შესაძლებლობებით“,– ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი ელჩის გამოწვევას შეცდომად აფასებს და ფიქრობს, რომ ახლა საქართველომ ამ შეცდომაზე კაპიტალიზაცია უნდა მოახდინოს, რადგან „დიპლომატია დაშვებული შეცდომების შენს სასარგებლოდ გამოყენების ხელოვნებაცაა“. ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ახლაა შეცდომის გამოსწორების კარგი მომენტი:

„ჩვენი ელჩის უკრაინაში დაბრუნება მოხვდება მასმედიის ყურადღების ცენტრში და რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს დაბრუნებულმა ელჩმა, ეს იქნებ ძალიან ძლიერი გზავნილი“.

Новости

Другие новости