რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა, აქციის მონაწილეები ქუთაისში, "ენკას" ოფისისკენ მიემართებიან
12/04/2021 12:21:03 საზოგადოება
რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა. კერძოდ, გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
რიონის ხეობის მცველებს სურდათ ჰესის მიმართულებით გადასვლა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ მისცა პოლიციამ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება, როდესაც აქციის მონაწილეები, მშვიდობიანად, ხელაწეულები მოძრაობდნენ.
"მოთხოვნა არის დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილზე. დღესაც, ხელებაწეული ვიყავით - გვინდა რომ პოლიციამ გაგვატაროს საკუთარ მიწაზე. მათ ჩვენი შეფერხების კანონიერი საფუძველი არ აქვთ. ვცდილობთ ახსნა-განმარტების მიღებას პოლიციისგან თუ რატომ არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტებს გვეკრძალება მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. აქ ვინმეს ძალადობა რომ უნდოდეს, ამას ეს ხალხი ისე გააკეთებდა, რომ არავის ნებართვა არ დასჭირდებოდა. ეს დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ჩვენი მოქმედებები არის მშვიდობიანი. ვითხოვთ რომ გაგვიშვით, ნუ აქვთ ბლოკირებული მთელი ხეობა", - აცხადებს გოლეთიანი.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ "ენკას" ოფისთან გადაინაცვლებენ.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ კომპანიამ "ენკა" განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კომპანია ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან“.


