Accentnews.ge
ადვოკატი: "დღეიდან მელია პოლიტიკური ტყვეა, რომელსაც "ოცნება" მოლაპარაკებებში გამოიყენებს"

ადვოკატი: "დღეიდან მელია პოლიტიკური ტყვეა, რომელსაც "ოცნება" მოლაპარაკებებში გამოიყენებს"

13/04/2021 12:03:40 სამართალი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, დღეის შემდეგ პოლიტიკოსი პოლიტიკური ტყვეა, რომელსაც ხელისუფლება მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს.

"რეალურად არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურია, იმიტომ, რომ შეუძლებელია რაიმეთი დაასაბუთო ეს გადაწყვეტილება. მაშინ როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობა არაა ერთადერთი, უალტერნატივო საშულება და რაღაც მზაობის შემთხვევაში ისინი თანახმანი არიან, რომ გირაოთი შეიცვალოს, ეს ნიშნავს იმას, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს კანონის თანახმად, გარდა იმისა, რომ პირი გაათავისუფლოს. თუკი ნიკა მელია აქამდე იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეის შემდეგ არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში სავაჭროდ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არ არის სასამართლო, ესაა ერთგვარი იმიტაცია სასამართლო პროცესის", - ასე აფასებს ნიკა მელიას კიდევ ერთი ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას:

"სასამართლო და პროკურატურა ცდილობს, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე შექმნან რაღაც ანტურაჟი სასამართლო პროცესის. მოსამართლეს აქვს წინასწარ დაწერილი დღის წესრიგი და მიუყვება ამ დღის წესრიგს. ეს დღის წესრიგია ის პოლიტიკური დირექტივა, რასაც მოსამართლე იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება, ვინაიდან ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი და მას როგორ ჩანს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია დარჩეს პოლიტიკურ პატიმრობაში".

კონდახაშვილის თქმით, ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში პროპაგანდას ავრცელებდა, რომ მელიას გირაოს გადახდა და საპატიმროდან გამოსვლა შეეძლო, თუმცა მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე "ყველაფერს ფარდა აეხადა":

"პროკურატურა და ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში ავრცელებდა პროპაგანდას, რომ ნიკა მელიას შეეძლო თურმე გირაოს გადახდა და გამოსვლა, დღეს ყველაფერს აეხადა ფარდა და მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება, დღეს ყველაფერს ფარდა აეხადა. [...] ასეთი დაკვეთა რომ ჰქონდა მოსამართლეს მიღებული იკითხებოდა პირველივე წუთებიდანვე".

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. მელიას ადვოკატი ამბობდა, რომ პატიმრობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რადგან მელიას მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S