
„უნდა ავიღოთ ყველაფერი საქართველოს ჩათვლით“ – რუსული პროპაგანდა გააქტიურდა
13/04/2021 15:40:43 ანალიზი
აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე მთელი სიმძლავრით ამუშავდა კრემლის პროპაგანდისტული მანქანა, რომლის მთავარი ფოკუსი ესკალაციაში დასავლეთის ჩართულობით უკრაინის დადანაშაულება, ხოლო რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვის სულისკვეთებით თავდაცვით პოზიციაში ჩამდგარ სუბიექტად წარმოჩენაა. ამ მხრივ განსხვავებული არც კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის მაქსიმ შევჩენკოს მიერ შემოთავაზებული მსჯელობაა, რამდენიმე საინტერესო გზავნილით, საიდანაც შესალოა, კრემლის მიზნები და ამისთვის საზოგადოების შემზადების მცდელობა იკითხებოდეს. სწორედ ამიტომ მას „აქცენტი“ თავის მკითხველს სთავაზობს:
„ომი პრაქტიკულად ერთადერთი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც დარჩა. თანაც ეს ომი იძულებით სჭირდება როგორც მოსკოვს, ისე ვაშინგტონს. ომი უნდა დაიწყოს უკრაინამ აშშ-ის მოთხოვნით. ვითარება მარტივია. სამშვიდობო პროცესი “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის დასრულებასა და ევროკავშირში გერმანიის ენერგოდომინანტად გადაქცევას გამოიწვევს. სწორედ გერმანიაა ამ პროექტის მთავარი ბენეფიციარი. რუსეთი კი უბრალოდ ნედლეულის დანართია. ამგვარად, ევროატლანტიკური პარტნიორობა უმთავრესად ნატო-ს სამხედრო ძალას დაემყარება და გერმანული ევროპის მხრიდან ამ დამოკიდებულების შემცირების მოთხოვნა მხოლოდ დროის საკითხია. ამასთანავე, გერმანია (და მასთან ერთად ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი) ინტეგრირდება ევრაზიულ (ჩინურ) გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პროექტებში. ამგვარად, აშშ-ის მიზანია, უკრაინაში ომი გააჩაღოს, რათა:
- აიძულოს გერმანია, უარი თქვას რუსეთსა და ჩინეთთან ინტეგრაციაზე;
- განამტკიცოს რუსეთის იზოლაცია და არ დაუშვას შავი ზღვის რეგიონში ჩინური პროექტების დასრულება.
აი, რუსეთისთვის კი სიტუაცია ცუდზე ცუდია. მაინც გვიწოდეს «მკვლელი». მაინც დაგვიწესეს სანქციები და იზოლაცია. მაინც იდება ფსონი ელიტების შიდა ჯანყსა და რეჟიმის შეცვლაზე. ამდენად, რეჟიმი უნდა გაძლიერდეს. ამის გაკეთება მხოლოდ მორალისა და წესებისთვის მიფურთხებითაა შესაძლებელი (კარგი უკვე ვეღარ გავხდებით – ბოლომდე ძლიერები და ცუდები უნდა ვიყოთ) – უნდა ავიღოთ ყველაფერი, რაც გეოპოლიტიკურ უპირატესობას უზრუნველჰყოფს: უკრაინის შავიზღვისპირეთი დნესტრისპირეთამდე და სამხრეთ კავკასია, საქართველოს ჩათვლით. ამის გარეშე რუსეთი ხელ-ფეხმოკვეთილივით იქნება. ეს რუსეთს თურქეთსა და ჩინეთთან დააახლოებს, თუმცა დაასამარებს “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს, რადგან ომი ნატო-ს პოზიციებს გააძლიერებს და გერმანია იძულებული გახდება, სამხედრო-პოლიტიკური სოლიდარობა გამოავლინოს. რუსეთისთვის ომი უზარმაზარ რისკებს შეიცავს.
1) ბლიცკრიგი შესაძლოა, ვერ გამოვიდეს და ომი განგრძობადად იქცეს.
2) უკრაინის მხარეზე ომში ნატო შეიძლება, ჩაერიოს (შეიარაღებითა და მრჩევლებით).
3) ბევრი რამ არის დამოკიდებული თურქეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ჩინეთის პოზიციაზე (უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ფონზე ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია ტაივანს დაიბრუნებს, მაგრამ ვაი და ჩინეთმა აშშ-სთან ახალ შეთანხმებას მოაწეროს ხელი და გაერო-ში უბრალოდ თავს შეიკავებს?). აშშ მხოლოდ ბონუსებს იღებს. ყალიბდება ახალი “რკინის ფარდა” და გერმანია და ევროპის ცენტრი ნატო-ს (ჩავთვალოთ, აშშ-ის) კონტროლსქვეშ რჩებიან. რუსეთი კრიზისში ეფლობა, მისი მოსალოდნელი უმძიმესი შედეგებით. ჩინეთის ევრაზიული პროექტები გადაიდება, ან სულაც ჩაიშლება. ეს იმპერიალისტური წინააღმდეგობების ეპოქისთვის ჩვეული სიტუაციაა – ომი კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთ საშუალებად რჩება კაპიტალსა და სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც იგი ექსპანსიია და კონკურენციის ინსტრუნებტებად იყენებს“.
ვინ არის პროპაგანდისტული გზავნილის ადრესატი?
"საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებლის დავით ბრაგვაძის დაკვირვებით, #1 სამიზნე რუსი ამომრჩეველია, მიზანი კი მისთვის რწმენის შთანერგვა გეოპოლიტიკურ თამაშებში რუსეთის როლსა და წონაზე. ამ კონტექსტში ბრაგვაძე ვლადიმირ პუტინის რეჟიმის პოლიტიკას განიხილავს, „სიახლეებით კვებოს“ ამომრჩეველი იდეის ქვეშ – „პუტინმა დაგვიბრუნა რუსეთი“, რაც სწორედ რომ რუსეთის გლობალური მოთამაშის ამპლუაში დაბრუნებას გულისხმობს:
„მაგრამ სხვა გლობალური აქტორებისგან განსხვავებით, რუსეთის ძირითადი ბერკეტი მილიტარისტულ ხაზზე გადის. ასე იყო 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში, 2014 წელს უკრაინის შემთხვევაში და მოვედით 2021 წლამდე, რუსულ საზოგადოებას კი გარკვეული პერიოდულობით რაღაც სიახლე სჭირდება. აღარაა აქტუალური გზავნილი, „რუსეთმა საქართველო ომში დაამარცხა და სამხრეთ კავკასიის ორი პატარა ანკლავი შემოიმტკიცა“. ამასთან, ვფიქრობ, 2008 წლისგან განსხვავებით, რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო დაისაჯა. მგონია, რომ ის ევროპისგან სანქციებთან მიმართებაში მწყობრ დამოკიდებულებას არ ელოდა, სანქციები კი აზარალებს რუსეთის ეკონომიკას, შესაბამისად, რუსეთის მოსახლეობას. ამდენად, როგორც ჩანს, რუსეთში დადგა კრიტიკული მომენტი „სიახლის საჭიროების“ და როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკრაინა ჩაითვალა იოლ სამიზნედ, კონფლიქტის ახალი ესკალაციაა და რთულია იმის თქვა, ეს რა მასშტაბებს შეიძენს“,– ამბობს „აქცენტთან“ ბრაგვაძე თემის კომენტირებისას.
ფორმალური საფუძვლის ძიებაში
„ვითარება განსხვავებულია – რუსეთს ოფიციალური პროპაგანდისთვისაც კი არ აქვს მაპროვოცირებელი საბაბი: თუ 2008 წლის შემთხვევაში აპელირებდნენ კოსოვოზე, ყირიმის ანექსიის დროს – უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, რომელიც თითქოს საფრთხეს უქადდა რუსეთს, დღეს მსგავსი საბაბი არაა: უკრაინა არ მიდის რუსეთთან ურთიერთობის გართულებაზე, ისევე, როგორც დასავლეთი, მაგრამ რუსეთს, როგორც უკვე ვთქვი, საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლისთვის „საკვები“ სჭირდება. შევჩენკოს საშუალებით გზავნილის გაჟღერება შემთხვევითი არაა: ანუ კრემლში დაკარგული აქვს იმედი, ცივილიზებული სამყაროს თვალში ოდესმე კარგები გახდნენ და „ვიყოთ ძლიერი ცუდებიო“. ამ შემთხვევაში ფორმალურ საბაბად, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, აშშ–ში ადმინისტრაციის ცვლილებას (რასაც კრემლში, ისევე როგორც ხანგრძლივ სანქციებს, არ ელოდნენ) იყენებენ: როგორც ჩანს, კრემლში გრძნობენ გეოპოლიტიკურ თამაშში აშშ–ის დაბრუნების საფრთხეს და ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს აშშ–ის ახალი ადმინისტრაციის ხისტი რიტორიკა – მათ უნდა მოძებნონ დამნაშავე, რადგან ეს რუსეთი ვერ იქნება. რუსული ლოგიკით, მოსკოვი ომს არ იწყებს, მხოლოდ თავს იცავს დასავლური იმპერიალიზმისგან, რომელიც მათ ეროვნულ ინტერესებს ემუქრება“,– განმარტავს ბრაგვაძე „აქცენტთან.
პროპაგანდა ომზე აქცენტით
ცხადია, რუსეთსა და უკრაინას შორი ომის ალბათობა არსებობს, მაგრამ რამდენად მაღალია, ამის დღეს თქმა რთულია, – ამბობს ბრაგვაძე და აანალიზებს შევჩენკოს გზავნილებს, რომელშიც ის ერთის მხრივ დასავლეთისა და რუსეთისთვის ომის საჭიროებაზე საუბრობს და მეორეს მხრივ, ომის რუსეთისთვის შესაძლო დამღუპველ ეფექტზე. ამ კუთხით ერთ–ერთ ფაქტორად იგი ომის შესაძლო გაჭიანურებას ასახელებს.
„დღეს უკრაინის შესაძლებლობები განსხვავდება 2014 წლისგან, ასევ განსხვავებულია უკრაინული საზოგადოების მზაობაც. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ რუსეთს შესაძლოა, უკრაინის სრული ოკუპაციის მცდელობა ჰქონდეს. სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესწევს ძალა, თუ ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, მაქსიმალურად გააჭიანუროს, რათა ეკონომიკური ფაქტორები უფრო და უფრო აუტანელი გახდეს რუსეთისთვის ამ დაპირისპირებაში. და რატომ არის ომის ხანგრძლივობა პრობლემა რუსეთისთვის? ომი ყველა ეპოქაში სერიოზულ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და რამდენად გაუძლებს მას ისედაც კრიზისში მყოფი რუსეთის ეკონომიკა? კრემლს მას ფართოდ აქვს ხელი გაშლილი: სარჩენი ჰყავს დოტაციაზე დასმული ყირიმი, დონბასი, საქართველოში ცხინვალი და აფხაზეთი, სირია და ა.შ ის უკვე ხარჯავს მეტს, ვიდრე შეუძლია არსებულ ეკონომიკური კრიზისის პირობებში თავს მისცეს. შესაბამისად, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი, დროში გაწელილი ომი მისთვის კატასტროფა იქნება და არაფერი მიანიშნებს, რომ როგორც შევჩენკო აღნიშნავს, ბლიცკრიგი მიაღწიონ კიევამდე – უკრაინისთვის თავში ხელის წამორტყმა ადვილი არ იქნება და არ მგონია მსგავს ვა–ბანკზე წავიდეს კრემლი, თუ კიდევ მეტად არ სურს პუტინს ცხოვრების გართულება“,– ამბობს ბრაგვაძე.
მხარდაჭერა
„გერმანიისთვის საკუთარი რეპუტაცია, განსაკუთრებით, ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვანია და ამის საპირწონე ვერ იქნება „ჩრდილოეთის ნაკადი – 2“. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ რუსეთი უკრაინის ცენტრალური ნაწილის ოკუპაციაზე წავა, წარმოუდგენელია, გერმანიამ ამაზე თვალი ამ პროექტის ფასად დახუჭოს. გარდა ამისა, შეცვლილია საერთაშორისო კონტექსტი – აშშ–ს ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, რომელიც რუსეთთან მიმართებაში სიხისტით გამოირჩევა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აშშ–ის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ წინ აქვს მთელი საარჩევნო ციკლი; ფუფუნება, გლობალურ თამაშში გარკვეულ რისკებზე წავიდეს და არ იღელვოს წინასაარჩევნო რეიტინგებზე. ბაიდენს აქვს შესაძლებლობა, ძლევამოსილი პოლიტიკოსის სახელით შევიდეს აშშ–ის ისტორიაში და არა იგივე ბარაკ ობამას მსგავსად, რომლის ბიოგრაფიაშიც „შავ ლაქად“ დარჩება უკრაინაში განვითარებული მოვლენები და არა მხოლოდ. და რატომ უნდა გაუშვას მან ეს შესაძლებლობა ხელიდან? მით უფრო, რომ მის მრწამსში ჯდება, ამ ბრძოლაში აბსოლუტურად ბოლომდე დაუპირისპირდეს რუსეთს. ცხადია, აქ არ იგულისხმება უკრაინაში ჯარების შეყვანა, იგივე სანქციების რესურსიც არ არის ამოწურული, ბევრი ეკონომიკური ბერკეტი ჯერ კიდევ გამოუყენებელია, რითაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაა შესაძლებელი“,– დასძენს ბრაგვაძე.