შსს რიონის ხეობაში "პროპორციული ძალის" გამოყენებას აანონსებს

13-04-2021 21:00:00 რეგიონები

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ "რიონის მცველებს" გონივრულ ვადას აძლევს, გაათავისუფლონ გზა, რომელიც მათ კომპანია ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან გადაკეტეს და ხეობა დაბლოკეს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია პროპორციულ ძალას გამოიყენებს.

"მათ მოახდინეს ერთადერთი არსებული გზის პიკეტირება, რითიც სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეობა.

ჩემ უკან დგანან შეწუხებული ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ გადაადგილებას. ახლოვდება კომენდანტის საათი. ძალიან მოთმინებით ეკიდებიან ისინი, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ, გონივრულ ვადაში მისცენ მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია პროპორციულ ძალებს გამოიყენებს". - თქვა თამაზაშვილმა.

აქტივისტებმა, რომლებიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან, ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან სოფელ გუმათიდან გადმოინაცვლეს. მათ მოახდინეს ხეობის ბლოკირება, როგორც თავად თქვეს, ხელისუფლების მიერ სოფელ ნამოხვანის ჩაკეტვის საპირწონედ.

დემონსტრანტებს რამდენიმე დღეა, სოფელ ნამოხვანში შესვლა არ შეუძლიათ.

სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები