გუმათში რიონის მცველებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

13-04-2021 23:11:46 რეგიონები

სოფელ გუმათის შესასვლელთან, ENKA ბაზასთან, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. დაძაბულობა ENKA–ს ავტომანქანების გამოჩენამ გამოიწვია.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ადგილიდან ორი აქტივისტი გაიყვანა. ადგილზე პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა.

"დანთებულ ცეცხლში ჩავარდა ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი. ირგვლივ რომ არ ვმდგარიყავით, მართლა საშინლად დამთავრდებოდა ალბათ ეს ყველაფერი. ამიტომ, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ ჩვენივე თანამებრძოლებს, მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ პროვოცირებენ საპოლიციო ძალები",- ამბობს აქციის მონაწილე ვარლამ გოლეთიანი.

აქტივისტები მოითხოვენ, რომ პოლიციამ გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი მოხსნას და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში კარვები ჰქონდათ აღმართული.

მანამდე კი, კომპანია ENKA-ს მიმდებარედ მისულ აქტივისტები პოლიციამ გააფრთხილა, რომ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა.

რამდენიმე საათის წინ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ენკას ავტომობილებს სამშემებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის უკიდურეს ზომას აქტივისტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც დღეს დილიდან მათ პოლიციამ გადაადგილება შეუზღუდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები