ბიზნესმენ დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა
14/04/2021 09:32:04 სამართალი
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, რომ ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს და შემაკავებელი ორდერი გამოიწეროს.
ინციდენტის დღე გაიხსენა დავით კოდუამ. მისი თქმით, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სურდა, მეუღლეს გარიდებოდა, თუმცა „კომენდანტის საათის“ გამო გარეთ არ უშვებდნენ.
„მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული – „ამან თქვა, იმან თქვაო“, ავდექი, ლიფტთან დაიწყო „არ წახვიდე, სად მიდიხარო“… ლიფტთან წავიქეცი და „შირმას“ დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, „კომენდატის საათი“ იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი.
4 შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, „იმან თქვა, ამან თქვაზე“ აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, 4 სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, „კომენდანტის საათი“ რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი“, – განაცხადა კოდუამ.
კოდუას მეუღლის ნათია გედევანიშვილის განცხადებით, მისი ქმრის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გედევანიშვილის აღწერს, თუ რა მოხდა იმ ღამეს, როცა კოდუა დააკავეს.
"სიტყვიერი შელაპარაკება იყო უბრალოდ, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თვითონ ბეჭდავდნენ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ და წაკითხული არ გვაქვს. ბევრი მედიკამენტი გვქონდა მიღებული, ღამის საათები იყო, დილამდე გაიწელა და ისე მოვაწერეთ ხელი. გვაჩქარებდნენ, თქვენ ცოდოები ხართ, წაკითხვა რომ მოვინდომე, არ არის საჭიროო. შემაკავებელს ვითხოვთ, ჯიკაობას ჰქონდა ადგილი. დათოს წასვლა უნდოდა, კონფლიქტი რომ დაიწყო სიტყვიერი და რომ არ გადაზრდილიყო... უბრალოდ მკრა ხელი და დავვარდი, სავარძელს დავარტყი," - განაცხადა დავით კოდუას მეუღლემ ნათია გედევანიშვილმა.
ძალადობის ფაქტს უარყოფს დავით კოდუას შვილიც.
"კომენდანტის გამო მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო გარეთ, იმიტომ, რომ დაჯარიმებულიყო და ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია. გვინდოდა უბრალოდ, რომ აგვეცილებინა პრობლემა. ლიფტი რომ გაიღო და უნდოდა წასვლა, ამ მომენტში ვაკავებდით, გამიშვითო და დაეცა ნათია... ლიფტთან არის სავარძელი, ასე არ დამინახავს, დათოზე ვიყავი გადართული," - აღნიშნა დავით კოდუას შვილმა კატო კოდუამ.


