ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა
14/04/2021 10:41:03 სამართალი
ხობის მუნიციპალიტეტში ბაბუამ 23 წლის შვილიშვილი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს – 1997 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა – ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


