ბლინკენის განცხადებით, NATO-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ

14-04-2021 23:31:14 მსოფლიო ,თავდაცვა

NATO-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა.

”მე აქ ვარ, რათა მჭიდროდ ვითანამშრომლო ჩვენს მოკავშირეებთან, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იმ პრინციპით, რომელიც ჩვენ თავიდანვე დავადგინეთ: ერთად შევედით, ერთად გავიარეთ ადაპტირება და ერთად გამოვალთ”, - განაცხადა ბლინკენმა.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, არ არის მოსალოდნელი, რომ NATO-ს რომელიმე მოკავშირე აღნიშნულ გეგმას შეეწინააღმდეგოს. მისი თქმით, გერმანია ავღანეთიდან ჯარისკაცებს აშშ-სთან ერთად გამოიყვანს.

ავღანეთიდან გამოსვლის საკითხს ალიანსის თავდაცვის მინისტრები ვიდეო–კონფერენციის ფორმატში 15 აპრილს განიხილავენ.

ამჟამად ავღანეთში 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 7 000 არაამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მათი უმრავლესობა ძირითადად NATO-ს წევრი ქვეყნებიდან, ასევე ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და საქართველოდან არიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები