პრემიერი: "საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში"

15-04-2021 00:19:40 თავდაცვა

"ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა აშშ-სთან კოორდინაციით მოხდება.

"საქართველოს, მრავალი წელია, ღირსეული წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში. საქართველო პირველად 2004 წელს ჩაერთო და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისიაში. ჩვენი ქვეყანა RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 860 ქართველი სამხედრო დღესაც მსახურობს ავღანეთში ნატო-ს კონტინგენტის შემადგენლობაში.

ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ საქართველოს შეუძლია, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. ეს არსებითია ჩვენი სტრატეგიული მიზნის - ნატო-ს სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად.

დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება.

საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში.

დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველ სამხედროს, ვინც სხვადასხვა პერიოდში ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ სამხედროებს, იმ ქართველ გმირებს, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე"- , წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები