
რუსეთი ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს და აშშ-ს საპასუხო სანქციებით ემუქრება
15/04/2021 13:35:54 მსოფლიო
რუსეთი ქვეყნიდან აშშ-ის დიპმისიის ათ თანამშრომელს აძევებს და გარდა ამისა, ამერიკული მხარის მიერ 15 აპრილს შემოღებულ სანქციებს სარკისებურად უპასუხებს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსეი ჩეპამ განაცხადა.
"ბუნებრივია, ჩვენც გავაძევებთ 10 თანამშრომელს და მერწმუნეთ, ჩვენთანაც არიან კომპანიები, რომელთა მიმართაც რეალური პრეტენზიები გვაქვს ჩვენს შიდა საქმეებში რეალურ ჩარევებთან დაკავშირებით. მათ მიმართ შესაბამის, ანალოგიურ ღონისძიებებს გავატარებთ", – განაცხადა ჩეპამ.
რუსეთი, მისი თქმით, "იძულებული იქნება, ამ ნაბიჯზე წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საეთაშორისო ვითარებას ნამდვილად არ გააუმჯობესებს". "რუსოფობული ლობი ამერიკაში არ აჩერებს თავის მანქანას", – დასძინა მან.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. 32 იურიდიული და ფიზიკური პირის მიმართ შეზღუდვები აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობების, ასევე სხვა სადეზინფორმაციო ქმედებებისა და ჩარევების გამოა შემოღებული.
ამასთანავე, მიღებულია გადაწყვეტილება ამერიკიდან რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ.