NATO–საქართველოს თანამშრომლობის ერთი ეტაპი სრულდება: რა რესურსი რჩება საქართველოს პოზიციონირებისთვის?

15-04-2021 20:39:34 ინტერვიუ

როგორც ცნობილია, ქართველი სამხედროები სექტემბრამდე დატოვებენ ავღანეთს, მიიღო რა NATO–მ ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, საქართველო, რომელიც ნატო–ს არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში უმსხვილესი კონტრიბუციით იყო წარმოდგენილი 18 წლის თავზე ასრულებს მისიას, რომელიც მას გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილის თაობაზე დამსახურებულად აძლევდა პოზიციონირების შესაძლებლობას.

„მისიაში ჩართვით პირველ რიგში, გასაჭირის ჟამს მოკავშირე სახელმწიფოს გვერდით დავდექით და ამას მოკავშირეები აფასებენ. ამდენად, ამ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი დიპლომატიური კაპიტალი მოგვცა და გავაკეთეთ კიდეც განაცხადი, რომ „ჩვენ გვინდა ალიანსთან თანამშრომლობა არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსაფრთხოების მომხმარებლები ვართ, არამედ თავადაც შეგვაქვს წვლილი გლობალური და ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში – ვმონაწილეობთ კოალიციურ ოპერაციაში, მათ შორის, ანტიტერორისტული მიმართულებითაც და აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ – NATO–სთვისაც“,– ამბობს „აქცენტთან“ უსაფრთხოების საკითხებში სპეციალისტი გიორგი გობრონიძე.

მისია დასრულდა, რა მოხდება შემდეგ?

გობრონიძის ანალიზით, არასწორია აღქმა, თითქოს მისიის დასრულებით საქართველოს მიერ მოპოვებული და დაგროვილი კაპიტალი იფლანგება და აუცილებელია მუდმივად სამშვიდობო თუ სამხედრო ოპერაციაში ჩართულობა, რათა ალიანსი ღირსეულ პარტნიორობაში დავარწმუნოთ:

„იგივეს დასამტკიცებლად ჩვენ ძალიან ბევრი შესაძლებლობა კიდევ გვექნება: გლობალური უსაფრთხოების გარემო გვაფიქრებინებს, რომ არაერთგზის გვექნება საშუალება, თუნდაც ფიზიკურად დავდგეთ პარტნიორების გვერდით, მაგრამ ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მხოლოდ ეს არაა განმსაზღვრელი პარტნიორობის – მნიშვნელოვანია იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც ამ ოპერაციების მიღმაც გვაქვს აღებული. დიახ, ჩვენი ევროატლანტიკური კურსის წარმატების ერთ–ერთი განმსაზღვრელი ცალკეულ ოპერაციებში ჩვენი ჩართულობაა, მაგრამ მაინც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასრულებს სახელმწიფო თავის საგარეო პოლიტიკურ ფუნქციას, საგარეო ვალდებულებებს, რამდენად ანხორციელებს შიგნით იმ ტრანსფორმაციას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად გადააქცევს და ჩამოაშორებს საქართველოსთვის საფრთხისშემცველ ორბიტას. ამდენად, სრულდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთი ეტაპი, მაგრამ არ სრულდება პარტნიორობა. ჩვენ ამის მიღმა გვაქვს საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობის ფორმატები, მათ შორის, ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში“,– ამბობს გობრონიძე და იქვე დასძენს, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებაა“.

პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე აქცენტირების კონტექსტში გობრონიძე იხსენებს თავად საქართველოში არსებულ ერთგვარ წყენებს იგივე ალბანეთსა და მაკედონიაზე მითითებით და ყურადღებას რეგიონულ ფაქტორზე ამახვილებს:

„მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები დაკმაყოფილდეს, რადგან გაცილებით რთულ რეგიონში ვარსებობთ, შესაბამისად, ჩვენს მიმართ მოთხოვნაც მეტია: ის, რაც ეპატიება ნაკლებად ტურბულენტურ რეგიონში წარმოდგენილ სახელმწიფოს, იგივე ალბანეთს, ეს არ ეპატიება საქართველოს. ჩვენ რეალურად უნდა შევდგეთ დემოკრატიად, რათა ჩვენს მიმართ დასავლური სოლიდარობა არსებობდეს. დასავლეთი ერთის მხრივ არის პარტნიორი, რომელიც გვეხმარება, დავაბალანსოთ მოსკოვიდან მომდინარე საფრთხე; ამასთან, არის სივრცე, რომელიც გვაძლევს გაცილებით მეტ შესაძლებლობას, ვიდრე რომელიმე სხვა ინტეგრაციული პროექტი. და რომ ვიქცეთ ამ სივრცის ნაწილად, უნდა გავხდეთ იმ ღირებულებების მატარებელი, რომელსაც ეს ცივილიზაციური სივრცე ატარებს, მით უმეტეს, რომ ის ჩვენს ეროვნულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში არ მოდის: საუბარია პიროვნულ თავისუფლებაზე, თავისუფალ მართლმსაჯულებაზე, დემოკრატიის პრინციპებზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე. ჩვენ ტრანსფორმაცია უნდა ვაჩვენოთ და ვიყოთ წარმატების მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცეში და უნდა გამოვკვეთოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ფუნქცია. ეს უკანასკნელი შესაძლოა, არ არის ვალდებულება, მაგრამ აუცილებლობაა: სხვა შემთხვევაში ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ყველანაირ ფასს კარგავს, თუ არ გვაქვს გამოკვეთილი ფუნქცია იგივე დასავლეთისთვის, რა შეიძლება ვიყოთ მათთვის, რატომ შეიძლება იყოს მათთვის ჩვენთან პარტნიორობა საინტერესო“.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური ფუნქცია და შესაძლებლობები

გობრონიძე საქართველოს ფუნქციას შემდეგნაირად ხედავს:

  • საქართველო ბუნებრივად არის კარიბჭე ჩრდილოეთით და სამხრეთით;
  • შეიძლება ვიყოთ ხიდი ცენტრალურ აზიასა და დასავლეთს შორის, ისევე როგორც, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის;
  • ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად ემეზობლება ამ რეგიონს, დეკლარირებულად ატარებს დასავლურ ღირებულებებს, არ არის ახლო აღმოსავლეთის აქტორებთან იგივე ტიპის ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში, როგორც მაგალითად, ისრაელის სახემწიფოა ძალიან ბევრ არაბულ ქვეყანასთან (იქაც შეინიშნება ნორმალიზაციის პროცესი, მაგრამ მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთი მაინც რჩება ძალიან ტურბულენტურ რეგიონად) და ამ მიმართულებით ძალიან სანდო პარტნიორია საჭირო;
  • რუსეთის პოლიტიკის შეკავების ნაწილში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია;
  • ასევე მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური ფუნქცია გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ენერგომატარებლების დერეფნად არსებობა, არამედ ერთგვარი მიმღებ–გამანაწილებელი ჰაბის ფუნქცია, მაგრამ ამისთვის გვჭირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ჩვენი რკინიგზა ისევ წამგებიანია, გაურკვეველი ვადით გავაჩერეთ ღრმაწყლოვანი პორტების პროექტები. პრაქტიკულად, ვკარგავთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ძალთა გადანაწლების პროცესში, როდესაც ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია აქტიურადაა დაკავებული კავკასიის რეგიონიდან (რაც აპრიორი ეხება ცენტრალური აზიის რეგიონს) დასავლეთის გამოდევნით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონიდან (სადაც გვაქვს ძალიან დიდი პოლიტიკურ–ეკონომიკური ინტერესები) ჩვენი პარტნიორის გადევნა“,– დასძენს გობრონიძე.

დასავლეთის მზაობა, არ იქცეს განდევნილად

ქართველი მკვლევრის დაკვირვებით, დასავლეთის მხრიდან მსგავსი მზაობა არსებობს და ამ კონტექსტში განიხილავს იგი ყარაბაღის მეორე კონფლიქტთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმებიდან მალევე საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტს და იგივე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისადმი ევროპელი დიპლომატების ინტერესსა და ჩართულობას:

„მათთვის ჩვენთან პარტნიორობა, ჩვენი მდგრადი განვითარება, დემოკრატიზაცია ძვირფასია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაზე ფიქრით თავს რატომ იწუხებენ? წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კარგავენ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას, შესაბამისად, იზრდება ჩვენი მნიშვნელობა დასავლეთისთვის: რეგიონში ერთადერთი ქვეყანა დავრჩით, რომელიც დეკლარირებულად და ღიად არ არის მიბმული რუსეთზე – გვსურს თუ არა, აზერბაიჯანი დღეს თავის გამართლების მძევალია ყარაბაღში, სომხეთი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული, თურქეთი ვერ იქნება ისეთი სანდო პარტნიორი დასავლეთისთვის, როგორიც შეიძლება, იყოს საქართველო: თურქეთი მაინც და მაინც დეკლარირებულად არ მიჰყვება დემოკრატიული განვითარების გზას, თამაშობს არა დასავლეთის პარტნიორის, კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ერთგვარი ლიდერი სახელმწიფოს როლს. ჩვენ სწორედ აქ უნდა ვიტვირთოთ ფუნქცია, რომელიც შეიძლება, ითქვას, რომ ბუნებრივადაა ჩვენთვის გამზადებული – ვიყოთ დასავლეთის სეროზული პარტნიორი როგორც რუსეთის შეკავების, ისე რეგიონის მიმართულებით“.

საქართველოს პოტენციური კონტრიბუცია რუსეთის შეკავებაში

„საქართველოს დასავლურ ორბიტაზე ყოფნა რუსეთს ართმევს საშუალებას, გახდეს მონოპოლისტი კასპიის აუზის რესურსების დასავლურ ბაზრებზე გატანისა და როგორც კავკასიის რეგიონის, ისევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოების დასავლურ ბაზრებზე ინტეგრირების ერთპიროვნული განმსაზღვრელი; შესაბამისად, იგივე დასავლეთის რეგიონული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სად და როგორ ვიქნებით წარმოდგენილნი. სწორედ ეს არის შეკავების პოლიტიკის ერთ–ერთი ნაწილი – თუ რუსეთი გახდება დასავლური უსაფრთხოების ლანდშაფტის ძირითადი განმსაზღვრელი თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით (აღარაფერს ვამბობ სამხედრო მიმართულებაზე), დასავლეთის კონკურენცია რუსეთთან ბევრად უფრო მძიმე იქნება“ – ამგვარად განიხილავს საქართველოს კონტრიბუციას გობრონიძე, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ დასავლეთის მზაობის და საჭიროების გააზრების მიუხედავად, მსგავსი მზაობა საქართველოში არ შეინიშნება, დაკავებულია რა შიდა პოლიტიკური კრიზისით:

„ელემენტარული პრობლემები, რომელიც შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის დარეგულირებას და პოლარიზაციის შემცირებას ეხება, ვერ მოვაგვარეთ. ნახევარ წელზე მეტია, ქვეყანა საშინელ პოლიტიკურ კრიზისში გვყავს გაჭედილი, რომელიც ურტყამს ეკონომიკას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს და ჯამში სახელმწიფოს იმაზე მეტად ვასუსტებთ, ვიდრე ნებისმიერი გარე მტერი დაგვასუსტებდა!“.

მტერზე დამოკიდებულება

გობრონიძე სკეპტიკოსების არგუმენტს, რომ ღია პოზიციონირებით საქართველო რუსეთისგან ღია დარტყმის ქვეშ დგება, კითხვით პასუხობს – რუსეთის ინტერესი იცვლება იმით, რომ ჩვენ კარგად ვიქცევით?

„ერთადერთი „გამოსავალი“, რაც რუსულ რისკს შეამცირებს, არის ის, რომ ბოლომდე მივცეთ ამ რისკს რეალიზების საშუალება – დავბრუნდეთ მის ორბიტაზე სატელიტი სახელმწიფოს ან ფედერალური სუბიექტის სახით! დანარჩენ შემთხვევაში რისკები სულ გვექნება, რადგან რუსეთის საგარეო პოლიტიკური ვერტიკალი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებთან: გვაქვს განგრძობადი ოკუპაცია, სახეზეა რუსეთის სამხედრო აღმშენებლობა, ჩვენი მოქალაქეები რჩებიან რუსულ ტყვეობაში, ვერ ვხედავთ ვერც ერთ პოზიტიურ ნაბიჯს, გარდა იმისა, რომ გვთავაზობენ, ვიცხოვროთ გაორებულ რეალობაში, რომლის თანახმადაც, რუსებს ჩვენთან კონფლიქტი არ აქვთ. „მიტმასნების პრაქტიკა“ 80%–ის შემთხვევაში იმით მთავრდება, რომ საფრთხის წყარო „ყლაპავს“ დაქვემდებარებულ სახელმწიფოს და ამის მაგალითი ჩვენ გვქონდა 94–99 წლებში. რუსეთს ჩვენგან უნდა ყველაფერი და არ გვთავაზობს არაფერს“,– ამბობს გობრონიძე და დასძენს, რომ არც დღეს აქვს კრემლს რეალურად უკმაყოფილების საფუძველი:

„ქვეყანაში ეკონომიკურ სიმძლავრეებს ფლობს დაწყებული ენგურის მართვით, ათეულობით ენერგო ობიექტის ფლობით, გაგრძელებული საბანკო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარზე ჩართულობით: დააკვირდით, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ყიდულობენ ყველაზე მეტ უძრავ ქონებას მაგალითად, აჭარის რეგიონში – თუ ადრე მესამე იყო, დღეს ქვეყანა, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, #1 ეკონომიკური პარტნიორია! პოლიტიკურ მოცემულობას რომ არ იცნობდეს ადამიანი და მხოლოდ ციფრებს და თანამშრომლობის სფეროებს დახედოს, იფიქრებს, რომ ეს ორი ქვეყანა საუკეთესო პარტნიორია. ეს საგარეო პოლიტიკური ანომალიაა, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული დაიწყო და გაგრძელდა 2008 წლის ომის შემდეგაც. მაქვს კითხვა, როგორ მოახერხა ქართულმა დიპლომატიამ, რომ საფრთხის #1 წყარო #1 ეკონომიკური პარტნიორია?! დღესაც "მიტმასნების" პოლიტიკით ვართ დაკავებული. ჩვენ დასავლეთთან რეალური ინტეგრირება რომ შევძლოთ, არა მარტო პოლიტიკური ტრანსფორმაცია, ეკონომიკური დივერსიფიკაციაც გვჭირდება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები