უკრაინის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ქართული სცენარის განხორციელებას გეგმავდეს

16-04-2021 12:04:53 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი არ გამორიცხავს, რუსეთი უკრაინაში ქართული – 2008 წლის სცენარის განხორციელებას გეგმავდეს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან ეტიენ დე პონსენთან შეხვედრაზე განაცხადა.

ანდრეი ტარანმა ფრანგ დიპლომატს დონბასში ვითარების გამწვავებისა და უკრაინის საზღვარზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ არ შეგვიძლია, სათანადოდ არ შევაფასოთ სიტუაცია და სავსებით ვაცნობიერებთ, რომ რუსეთს შეუძლია, უკრაინისთვის 2008 წლის ქართული სცენარის განმეორება დაგეგმოს. ამისთვის შესაძლოა, გამოყენებულ იქნას პროვოკაციები უკრაინის შეიარაღებული ძალების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დადანაშაულების კუთხით, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტები უკვე 400 000-ზე მეტ ადამიანს დაურიგეს“, – განაცხადა ტარანმა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთისთვის მძლავრი სიგნალი იქნებოდა უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭება და ამაში უკრაინას საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი აქვს.

ცნობისთვის: 2014 წელს ყირიმის ანექსიისთანავე რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული აგრესიის განხორციელება დაიწყო. საბრძოლო მოქმედებები ერთის მხრივ - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსულ ჯარსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ "ბოევიკებს" შორის წარმოებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს აკონტროლებენ.

უკრაინული მხარის მიერ ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში შეჭრას ოფიციალურად არ ადასტურებს.

გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის პერიოდში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი დაიღუპა.

2021 წლის დასაწყისში დონბასში ვითარება დაიძაბა. გაერთიანებული ძალების საოპერაციო შტაბმა არაერთგზის განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე სნაიპერულ ცეცხლს იყენებს.

1 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ 2021 წლის დასაწყისიდან დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ მცირე, 570-ჯერ დაარღვიეს.

უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იულია მენდელმა 11 აპრილს განაცხადა, რომ წელს უკვე 26 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 12 და 13 აპრილს კი მათ კიდევ ორი შეემატა.

მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში მედიამ და თვითმხილველებმა იმის მტკიცებულებების პუბლიკაცია დაიწყეს, რომ რუსეთს აქტიურად შეჰყავდა ყირიმში ქერჩის ხიდით სამხედრო ტექინიკა და უკრაინის საზღვრებთან ჯარების მობილიზებას ახორციელებდა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვრის სიახლოვესა და ყირიმში სამხედრო ძალას ზრდიდა, რაც "საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოებას". უკრაინის დაზვერვამ კი განაცხადა, რომ რუსეთს სურს, გაზარდოს სამხედრო წარმოდგენილობა "ბოევიკების" მიერ კონტროლირებად ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ქვედანაყოფების შეყვანის გზით. ამასთან, მან რუსული ძალების უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში შესვლის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ვითარების დაძაბვის ფონზე რუსეთის ხელისუფლებამ ჯარების საკონტროლო შემოწმება გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 13 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა სამი კვირის განმავლობაში "დასავლეთ საზღვრებთან" ორი არმია და საჰაერო-სადესანტო ძალების სამი შენაერთი გადაისროლა და რომ ყველა მათგანი ჩართულია წვრთნებში, რომელიც 14 დღის განმავლობაში დასრულდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებით, რუსეთის მხრიდან დონბასში ვითარების ამჟამინდელი ესკალაცია სისტემურ ხასიათს ატარებს და ყველაზე მასშტაბურია ბოლო წლების განმავლობაში.

დონბასში ვითარების ესკალაციის გამო ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლობამ მაქსიმალური მზადყოფნა გამოაცხადა. თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების რაოდენობა ყველაზე დიდია 2014 წლიდან.

უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, მარტის დასაწყისისთვის რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებისა და შავი ზღვის ფლოტის ორი არმია გაშალა 89 ათასი ადამიანის საერთო რიცხოვნობით. უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალის გადასროლა სავარაუდოდ, 20 აპრილისთვის დასრულდება და მათმა რაოდენობამ შესაძლოა, 110 ათას სამხედროს მიაღწიოს, - განაცხადა 14 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა.

Reuters-ის რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ საუბარია ძალის დემონსტრირებაზე და არა ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადებაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები