ბრიტანელი მეცნიერები – თრომბის რისკი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდგომ პერიოდში

16-04-2021 13:27:48 მსოფლიო

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თრომბის რისკი როგორც კოვიდგადატანილ, ისე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებში, საერთო ჯამში, დაბალია – ვლინდება იშვიათ შემთხვევებში. თუმცა მათი თქმით, თრომბის საშიშროება კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ.

როგორც ბრიტანელი მკვლევარები აცხადებენ, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებში კონკრეტულად "ასტრაზენეკას", "მოდერნასა" და "ფაიზერს" გულისხმობენ.

"ყველა ასაკობრივ ჯგუფში ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CVST) რისკი Covid-19–ის ინფექციის შემდეგ ნორმაზე დაახლოებით, 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ვაქცინაციის შემდგომ. ძირითადი დასკვნა არის ის, რომ CVST შემთხვევები ძალიან იშვიათია - დაფიქსირდა ყოველი მილიონიდან რამდენიმე ადამიანში, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს და გამოვლინდა ყოველი მილიონიდან რამდენიმე ადამიანში, რომლებმაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს. თუმცა თრომბის რისკი ვაქცინირებულ ადამიანებში უფრო იშვიათია. მკვლევარები არ ამტკიცებენ, რომ ვაქცინები საერთოდ არ ზრდიან თრომბის რისკს, მაგრამ აცხადებენ, რომ ეს რისკი კოვიდგადატალინებში 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ვაქცინირებულებში", – განაცხადა მეცნიერმა კევინ მაკკონუეიმ.

მეცნიერების თქმით, ამ მიმართულებით შემდგომი კვლევებისთვის მონაცემების შეგროვება კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის: ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ "ასტრაზენეკასა" და თრომბს შორის კავშირი შესაძლოა იყოს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში. გარდა ამისა, თრომბის რისკთან შესაძლო კავშირის მიზეზით შეჩერდა კიდე ერთი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით – Johnson&Johnson-ის ვაქცინით აცრები აშშ–ში, ევროკავშირსა და სამხრეთ აფრიკაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები