უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეს ოქტომბრამდე კეტავს

16-04-2021 15:00:42

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მომავალი კვირიდან გეგმავს, დაკეტოს ქერჩის სრუტე, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს ერთმანეთთან.

მისივე ცნობით, სრუტე სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დაიკეტება.

"რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის, როგორც საზღვაო სახელმწიფოს სუვერენული უფლებების ხელყოფაა. მოსკოვის ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ იგი უარს არ აცხადებს, გააგრძელოს სამხედრო და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მისივე თქმით, რუსეთი ესკალაციას როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში ზრდის:

"მას კასპიის ზღვიდან სამხედრო გემები და აზოვისა-შავებში ზღვის რეგიონებში გადაჰყავს".

13 აპრილს რუსეთმა კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი, მათ შორის, 3 საარტილერიო და 8 სადესანტო ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გაუშვა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ხომალდები სამხედრო წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობა ერთობლივი წვრთნით მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის დონის შემოწმებას და შავი და კასპიის ფლოტილიის მხარდაჭერით ჰიპოთეტური მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო დესანტის მოგერიებას. მოსკოვში აცხადებენ, რომ მასშტაბური წვრთნები დაახლოებით, 2 კვირაში უნდა დასრულდეს.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები