რა ვიცით ბანკზე მომხდარი თავდასხმისა და სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ

16-04-2021 16:01:14 სამართალი

დღეს, დაახლოებით, დღის 12:00 საათისთვის თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლად 7 პირი აიყვანა. „განგაშის ღილაკზე“ ხელის დაჭერა მოლარე–ოპერატორმა მოასწრო. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი ბანკის თანამშრომლებისგან იარაღის მუქარით ითხოვდა თანხის გადაცემას, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

სამართალდამცველები თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში აწარმოებდნენ. მან ეტაპობრივად გაათავისუფლა მძევლები, საბოლოოდ კი სამართალდამცველებმა იგი დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მძევლების გამოკითხვა თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

შსს–ს ცნობით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.წ. როგორც მედიამ გაარკვია, სავარაუდო თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრი, საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ წურწუმიაა, რომელიც ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ წურწუმიამ იარაღი თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ვალად იყიდა.

ირკვევა, რომ ის ავლაბარში დაახლოებით, ხუთი თვის წინ ფეხმძიმე მეუღლესთან და დადეასთან ერთად დასახლდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები