საქართველო რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც აზოვის ზღვაზე მდებარე უკრაინულ პორტებთან საზღვაო მიმოსვლა იზღუდება

16-04-2021 20:00:13 პოლიტიკა

საქართველომ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში სხვა ქვეყნის გემების გადაადგილებაზე 6–თვიანი შეზღუდვის დაწესების გამო შეშფოთება გამოთქვა.

როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ რუსეთს მოუწოდა, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლითაც აზოვის ზღვაზე მდებარე უკრაინულ პორტებთან საზღვაო მიმოსვლა იზღუდება.

"2021 წლის 16 აპრილს, უკრაინის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გაიმართა მსჯელობა რუსეთის მიერ შავ ზღვაში ნავიგაციაზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ სხდომაზე გააჟღერა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ქეთევან ციხელაშვილმა გამოხატა შეშფოთება რუსეთის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა შავი ზღვის ნაწილზე, კერძოდ კი ქერჩის სრუტეში, გემების გადაადგილების 6– თვიანი შეზღუდვის დაწესებას. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით იზღუდება საზღვაო მიმოსვლა აზოვის ზღვაზე მდებარე უკრაინულ პორტებთან.

ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვესა და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძაბავს არსებულ ვითარებას. საქართველომ, ასევე, ეუთო-ს მონაწილე სხვა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მომავალი კვირიდან გეგმავს, დაკეტოს ქერჩის სრუტე, რომელიც შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს ერთმანეთთან.

მისივე ცნობით, სრუტე სხვა ქვეყნების სამხედრო ხომალდებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბრამდე დაიკეტება.

"რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის, როგორც საზღვაო სახელმწიფოს სუვერენული უფლებების ხელყოფაა. მოსკოვის ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ იგი უარს არ აცხადებს, გააგრძელოს სამხედრო და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მისივე თქმით, რუსეთი ესკალაციას როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში ზრდის:

"მას კასპიის ზღვიდან სამხედრო გემები და აზოვისა-შავებში ზღვის რეგიონებში გადაჰყავს".

13 აპრილს რუსეთმა კასპიის ფლოტილიის 15 სამხედრო გემი, მათ შორის, 3 საარტილერიო და 8 სადესანტო ხომალდი შავი ზღვის მიმართულებით გაუშვა. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ხომალდები სამხედრო წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლობა ერთობლივი წვრთნით მიზნად ისახავს საბრძოლო მზადყოფნის დონის შემოწმებას და შავი და კასპიის ფლოტილიის მხარდაჭერით ჰიპოთეტური მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო დესანტის მოგერიებას. მოსკოვში აცხადებენ, რომ მასშტაბური წვრთნები დაახლოებით, 2 კვირაში უნდა დასრულდეს.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები