ჰერბსტი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში ვითარების უფრო მეტად ესკალაციაზე არ წავა

16-04-2021 21:10:36 მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების მობილიზაცია ფაქტია, თუმცა მიიჩნევს, რომ მოსკოვი უფრო დიდ ესკალაციაზე არ წავა.

"ძალიან დიდი რუსული ძალის კონცენტრაციაა უკრაინის საზღვრებთან, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რუსეთი წინ წავა, რადგან მოსკოვი ამ შემთხვევაში უფრო მეტი სანქციების საფრთხის წინაშე დადგება, იგი აღმოჩნდება უკრაინელების წინაშე, რომლებიც იბრძოლებენ თავიანთი მიწის დასაცავად. იქნება რუსული მხრიდანაც დანაკარგები და შემდეგ პუტინისთვის რეალური პრობლემა იქნება, რომ ეს მსხვერპლი დაუმალოს თავის ხალხს", – განაცხადა ჰერბსტმა "აქცენტთან" საუბრისას.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ვითარების უფრო მეტად ესკალაციაზე წავიდა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მტკივნეული სანქციები დაწესდება.

რაც შეეხება უკრაინის მიმართ აშშ–ის მხარდაჭერას, მისი ინფორმაციით, აშშ განიხილავს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას უკრაინაში.

ცნობისთვის: უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები