
"ხელისუფლებამ აფხაზური საზოგადოების შიგნით გაღვივებული დისკუსია უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს"
17/04/2021 09:04:55 კონფლიქტები
"ხელისუფლებამ აფხაზური საზოგადოების შიგნით გაღვივებული დისკუსია უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს" - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანგარიშში, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას ასახავს.
"საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული რეაგირება უნდა მოახდინოს, ერთი მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის და რუსეთის ურთიერთობებში განვითარებული მოვლენების მიმართ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, აფხაზური საზოგადოების შიგნით გაღვივებული დისკუსია თბილისთან დიალოგის შესახებ უფრო აქტიურად გამოიყენოს შერიგების პოლიტიკის გასააქტიურებლად" - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები ასევე საყურადღებოს უწოდებენ იმ ფაქტს, "რომ თებერვალში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დეოკუპაციის გზაზე აღნიშნული რანგის ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, ფაქტობრივად, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ვერ ხერხდება".
"ამის თქმა შეგვიძლია, განსაკუთრებით, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სადაც, ერთი მხრივ, შიდასაზოგადოებრივი დაპირისპირება გააქტიურდა ანტი-ქართულ და ნეიტრალურ ჯგუფებს შორის ბჟანიას ყოფილი თანაშემწის, ბენურ კვირაიას სადავო ვიზიტის შემდეგ, მეორე მხრივ კი, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ შესახებ გახდა ცნობილი" - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიში სრულად იხილეთ აქ