GIP:"ხელისუფლებამ ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დააჩქაროს"

17-04-2021 15:28:49 საზოგადოება ,ეკონომიკა

"ხელისუფლებამ ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი უნდა დააჩქაროს და დაიწყოს წამლების ხარისხის კონტროლი ქიმიური შემოწმების გზით, გადახედოს იმპორტირებული წამლების რეგისტრაციის მექანიზმს და ებრძოლოს ფარმაცევტულ სფეროში არსებულ მონოპოლიებს" - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანგარიშში, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას ასახავს.

"ჯანდაცვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკითხი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ფარმაცევტული პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. როდესაც საუბარია ფარმაცევტული სფეროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე, აქ არ უნდა იგულისხმებოდეს წამლის, ადგილობრივის, თუ იმპორტირებულის, მხოლოდ დოკუმენტალურად შემოწმება, არამედ აუცილებელია თავად წამლის ხარისხის შემოწმება, რაც გულისხმობს ქიმიურ შემოწმებას. დღეს საქართველოში ამის პრაქტიკა არ არსებობს. გარდა ამისა, დამოუკიდებელი ექსპერტის ინფორმაციით, დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სამი მონოპოლისტია გეფა (ჯიპისი-სა და ფარმადეპოს გაერთიანება), პსპ და ავერსი. ასეთი მონოპოლიების წინააღმდეგ საბრძოლველად „ქართული ოცნების“ პროგრამაში არ არის გათვალისწინებული კონკრეტული ინიციატივები" - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ "პროგრამული პრიორიტეტებიდან ამ ეტაპზე ხელშესახები შედეგები არ შეიმჩვენა ფარმაცევტული პოლიტიკის დახვეწის, ერთიანი სატარიფო სისტემის შემოღებისა და ფარმაცევტული სფეროს კანონმდებლობის ევროკავშრის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით".

ანგარიში სრულად იხილეთ აქ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები