GIP:"საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებელია, იფიქროს დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული ვაქცინების მოპოვების წყაროების დივერსიფიცირებაზე"

17-04-2021 16:05:22 პოლიტიკა ,საზოგადოება

"საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებელია, იფიქროს დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული ვაქცინების მოპოვების წყაროების დივერსიფიცირებაზე" - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანგარიშში, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველობის 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას ასახავს.

"Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ყველაზე დიდი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსასვლელად საჭიროა წლის ბოლომდე მასობრივი ვაქცინაციის ჩატარება. ხელისუფლებამ აუცილებელია, რომ იფიქროს დასავლეთის ქვეყნებში წარმოებული ვაქცინების მოპოვების წყაროების დივერსიფიცირებაზე, ვინაიდან, სხვადასხვა გათვლებით, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის საქართველო მოსახლეობის საჭირო რაოდენობას 2022 წლამდე ვერ აცრის. მასობრივი ვაქცინაციის გარეშე შენარჩუნდება მკაცრი შეზღუდვების საჭიროება, რაც გაზრდის ეკონომიკურ სტაგნაციას ყველა მიმართულებვით, და რეკორდულად გაზრდილი ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება და გაუარესდება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მძიმე იქნება მცირე და საშუალო ბიზნესზე, თუ ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი.

Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ვაქცინაციის საკითხმა გადაფარა ჯანდაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ კალენდრულად განსაზღვრული სხვა პრიორიტეტების განხორციელება. 2021 წლის დასაწყისში ჯანდაცვის მიმართულებით მთავარ გამოწვევას ვაქცინის მოპოვება წარმოადგენდა. შეფერხება შეიქმნა მთავრობის შესაბამის უწყებასა და პლათფორმა “კოვაქსს” შორის მოლაპარაკების პროცესშიც, რამაც დროში გაწელა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის “Pfizer”-ის (აშშ/გერმანია) საქართველოში შემოტანა . თუმცა, მარტის დასაწყისში საქართველოში მოხერხდა ბრიტანული ვაქცინის “Astra Zeneca”-ს (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი), ხოლო მარტის ბოლო “Pfizer”-ის შემოტანა" - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ NDI-ის ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებზე, რომელიც ცხადყოფს, რომ მოსახლეობაში ვაქცინაციისადმი ნდობა არც ისე მაღალია.

"საქართველოს მოსახლეობის 53% ამბობს, რომ არ აიცრება, ხოლო 35% ამბობს, რომ აიცრება და 12%-მა არ იცის როგორ მოიქცევა.მთავრობის მუშაობის 100 დღის მიწურულს მოხერხდა ვაქცინაციის დაწყება, თუმცა ვერ მოხერხდა ვაქცინაციის პროცესისთვის საზოგადოების სწორად შემზადება. შედეგად, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ვაქცინაციისადმი საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალი იყო. იმ ადამიანთა 48%, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობებ, უარის თქმის მიზეზად ვაქცინის უხარისხობას ასახელებს. ვაქცინაციისადმი დაბალი ნდობა სხვადასხვა გარემოებით შეიძლება იყოს განპირობებული. თუმცა, როგორც ჯანდაცვის დამოუკიდებელ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, უნდობლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ვაქცინაციის, ვაქცინის ხარისხისა, მისი გაკეთების წესებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ საზოგადოებამდე ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდების პრობლემა შეიძლება იყოს. სწორედ ასეთ შემთხვევებში არის მნიშვნელოვანი ტელემედიცინის მექანიზმის ამუშავება და მაქსიმალურად მიზნობრივად გამოყენება. საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად, ასევე მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სისტემაში იმ ყველა აუცილებელი პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვა, რაც ვაქცინაციას უნდა უძღვოდეს წინ" - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის ავტორების ანალიზით, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმატება მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და რამდენად წარმატებით გაუმკლავდება ქვეყანა პანდემიას. ამისათვის პირველ ყოვლისა საჭიროა ვაქცინაციას პროცესის დაჩქარება".

"რადგანაც მასობრივი ვაქცინაციის გარეშე შენარჩუნდება სხვადასხვა სახის შეზღუდვების საჭიროება და კიდევ უფრო გაიზრდება ეკონომიკური პრობლემები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობა მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გეგმავს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვისგან, როდის და რა ფასად შეიძენს მთავრობა გეგმის განსახორციელებლად საჭირო რაოდენობის ვაქცინას.

ვაქცინაცია საქართველოში იმ ტემპით მიდის, რომ ძნელად წარმოსადგენია პირველადი გეგმა შესრულდეს და წლის ბოლოს მოსახლეობის 60%-ის აცრა მოესწროს, რაც ეკონომიკის გახსნისთვის აუცილებელი წინაპირობაა" - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები