
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შვილი: "მნიშვნელობა არ აქვს სად იბრძვი. მთავარია, ებრძვი მტერს"
19/04/2021 09:19:23 თავდაცვა, საზოგადოება
"მნიშვნელობა არ აქვს სად იბრძვი. მთავარია, ებრძვი მტერს", – ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დავით შარტავას შვილმა გიორგი შარტავამ განაცხადა.
"უკრაინელი ხალხი ქართველების მთავარი მოკავშირე და ყველაზე მეგობრული ხალხი არიან, მათაც იგივე გასაჭირი აქვთ რაც საქართველოს. საქართველოც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უკრაინაც განიცდის იგივე ტკივილს. მამაჩემი 2004-ში იბრძოდა ცხინვალში, მნიშვნელობა არ აქვს სად იბრძვი იქნება ეს უკრაინაში, საქართველოში თუ სადმე სხვა ქვეყანაში, მთავარია, შენ ებრძვი შენ მტერს და გაქვს იდეა, რომ ემსახურო შენ ქვეყანას, დაიცვა შენი ხალხი და მისი მოკავშირეები", – აცხადებს გიორგი შარტავა.
დავით შარტავა აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა. იგი 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა და უკრაინულ არმიაში ქართული "ლეგიონიდან" მივიდა. ქართული "ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი ტრაგიკულ ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ დავით შარტავას რუსების მიერ ნასროლი ერთ-ერთი ჭურვის ანასხლეტი თავის არეში მოხვდა.
როდის გადმოასვენებენ დაღუპულ ჯარისკაცს საქართველოში ჯერ უცნობია. ცნობილია ის, რომ დონბასიდან ის ჯერ კიევში უნდა გადაასვენონ.
ოჯახს მომხდარის შესახებ დავით შარტავას თანამებრძოლებმა შეატყობინეს.