
„საოკუპაციო ძალების მხრიდან „ცხელი ხაზის“ პოლიტიზების მცდელობების მზარდი დინამიკა შეინიშნებოდა: ჟღერდებოდა პოლიტიკური განცხადებები“
19/04/2021 15:34:51 კონფლიქტები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, რომელიც 2020 წლის პერიდს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეზე, აფხაზეთსა და ცხინვალში მცოვრებ საქართველოს მოქალაქეთა დისკრიმინაციულ პირობებში ჩაყენებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზეა ყურადღება გამახვილებული, რომელსაც სუს–ი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების დაშინების, პროტესტის გაღვივებასა და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობად განიხილავს.
ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს „საოკუპაციო ძალების მხრიდან შეინიშნებოდა „ცხელი ხაზის“ პოლიტიზების მცდელობების მზარდი დინამიკა“. კერძოდ, სუს–ის ცნობით, საკითხის გადასაჭრელად ჰუმანიტარული მიდგომების გამოყენების ნაცვლად, „ცხელი ხაზით“ პოლიტიკური განცხადებები ჟღერდებოდა. ასევე, შეინიშნებოდა „ცხელი ხაზის“ მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. თუმცა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, სუს–ისა და და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, აღნიშნული მექანიზმი მაინც რჩება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თანამშრომლობის ერთადერთ ეფექტიან ინსტრუმენტად.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ინციდენტების უმოკლეს ვადაში გარკვევა/განმუხტვისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ საანგარიშო პერიოდში 2836-ჯერ გააქტიურდა: 1736-ჯერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ხოლო 1100-ჯერ - ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით“,– ნათქვამია ანგარიშში.