ევროკავშირი: რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში 150 ათასი სამხედრო ჰყავს კონცენტრირებული

19-04-2021 21:30:41 ევროპა

ევროპის კავშირი უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების კონცენტრირებისა და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმის გამო მოსკოვის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინ-თათბირის შედეგად გაერთიანების მთავარმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეროკავშირში შეშფოთებულები არიან როგორც რუსული ჯარების გადაადგილებით, ისე ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელზე პასუხისმგებლობაც, მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.

ბორელის განცხადებით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 150 ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს კონცენტრირებული, რაც მეტია, ვიდრე ოდესმე.

მან შემდგომი ესკალაციის რისკი "თვალსაჩინოდ" შეაფასა და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში უკრაინის მთავარი დიპლომატი დიმიტრი კულებაც მონაწილეობდა. მან ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სექტორალური სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა.

შეხვედრაზე განიხილეს ასევე რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ ჩეხეთის ბრალდებები, კერძოდ, 2014 წელს საბრძოლო მასალის საწყობის აფეთქებასთან მათი კავშირის თაობაზე. როგორც ბორელმა აღნიშნა, პრაღას ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატების გაძევების თხოვნით არ მიუმართავს.

თავად ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა, მოსკოვმა კი საპასუხოდ - 20, რის შედეგადაც რუსეთში სულ 5 ჩეხი დიპლომატია დარჩენილი.

სხვა განხილულ თემებს შორის იყო ვითარება მიანმაში. გადაწყდა, სამხედრო ხუნტის 10 წარმომადგენლის მიმართ სანქციები იქნას შემოღებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები