პაპუაშვილი განმარტავს, როდის დაიწყება შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება
19/04/2021 19:54:52 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლეში დღეს ხელმოწერილი შეთანხმების ზოგიერთ პუნქტს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დეპუტატების კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოწეროს შეთანხმებას.
"რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს - საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც სავარაუდო დანაშაული აქვთ ჩადენილი, ან - სასამართლოს მიერ დამტკიცებულად დანაშაული აქვთ ჩადენილი," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.
წამყვანის კითხვაზე, თუ არ არიან ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები, რა სტატუსით გაათავისუფლებენ მათ პატიმრობიდან, პაპუაშვილი პასუხობს :
"არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მძევლად ჰყავთ აყვანილი საქართველო, მისი სტაბილურობა, ჩვენი საზოგადოების სტაბილურობა და აშანტაჟებენ ამ 2 საქმით.
სწორედ აქედან გამომდინარე რომ ეს იყო დაუსრულებელი საგა, იყო ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან რეკომენდაცია, რომ ერთი - 20 ივნისთან დაკავშირებით გამოცხადებულიყო ფართო ამნისტია, რომელიც შეეხებოდა ყველა პირს, რომელიც ბრალდებული არის სხვადასხვა გადაცდომისთვის.
შემოთავაზების არსი იყო ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან, რომ - მოდით, ეს საკითხი თქვენი ახლო წარსულიდან გადაშალეთ."
მანამდე „ლელოს“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ოცნებამ“ ხელი მოაწერა დოკუმეტს, რომელზე ხელმოწერაც არ სურდა და მისი აღსრულების გარატია პროცესში ევროკავშირის და აშშ–ის ჩართულობაა.
პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ. ამ ეტაპზე შეთანხმებას არ უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველო“. ბაქრაძემ და სამადაშვილმა დოკუმენტს ხლი მოაწერეს როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.


