Accentnews.ge
რა უძრავ ქონებას ფლობს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს აფხაზური წარმომავლობის დეპუტატი ოთარ არშბა

რა უძრავ ქონებას ფლობს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს აფხაზური წარმომავლობის დეპუტატი ოთარ არშბა

20/04/2021 09:02:19 კონფლიქტები, ეკონომიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, დეპუტატთა შემოსავლების კონტროლის, მანდატურ საკითხთა და ეთიკის კომისიის ხელმძღვანელი, მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" უზენაესი საბჭოს წევრი ოთარ არშბა და მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი საქართველოში უძრავი ქონების 8 ობიექტს ფლობენ.

2020 წლის დეკლარაციაში, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, მითითებულია, რომ აფხაზური წარმომავლობის დეპუტატს საქართველოში საერთო წილობრივ საკუთრებაში (1/2) აქვს 74,18 კვ.მ ფართის ბინა, ხოლო მისი მეუღლე 7 ობიექტს ფლობს: 20 318 კვ. მ საერთო ფართის 4 ნაკვეთს ინდივიდუალური საცხოვრებელი მშენებლობისათვის, ორ საცხოვრებელ სახლსა და ოთახს (საერთო ფართით 1506,38 კვ. მ).

დეპუტატის დეკლარირებული წლიური შემოსავალი 2020 წელს 17 434 672,38 რუბლს (დაახლოებით 229 ათას დოლარს) შეადგენდა.

ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, არშბა სოხუმში დაიბადა, ბავშვობა კი ბათუმში გაატარა. 1994 წლამდე მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია 2003 წლიდან.

2021 წლის 12 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას "აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისთვს" ოთარ არშბას II ხარისხის «Ахьдз-Апша» ორდენით დაჯილდოების თაობაზე.

2015 წელს მედია ბათუმში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Colosseum Marina-ს გახსნის შესახებ იუწყებოდა. ობიექტი საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაათვალიერა. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატის ქალიშვილ ინგა არშბასა და მის ოჯახს ბათუმში განხორციელებული ინვესტიციებისათვის.

«მინდა, ამ ოჯახის პატრიოტიზმი აღვნიშნო. ისინი არიან პიონერები, რომლებმაც ბათუმში ინვესტიციების ჩადება ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყეს და მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელების მოწმენი გავხდით», – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S