„გამოდის, პარტიაში მონური მორჩილებით უნდა იყო და არ იკითხო, რა დავალებას ასრულებ“ – „ოცნების“ ყოფილი წევრები აქციას აანონსებენ

20-04-2021 13:44:17 პოლიტიკა ,რეგიონები

„ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები ლევან ჭანტურაძე და მარიამ კახნიაშვილი აცხადებენ, რომ ისინი პარტიიდან დეპუტატ დიტო სამხარაძის გადაწყვეტილებით მას შემდეგ გარიცხეს, რაც ზესტაფონის მერის კორუფციული გარიგების თაობაზე კითხვები დასვეს.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აქციას აანონსებენ და სახელისუფლებო გუნდს ზესტაფონის მერის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ჭანტურაძე და კახნიაშვილი აცხადებენ, რომ პარტიიდან გარიცხვის შესახებ დღეს დილით სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს, მანამდე მათ დიტო სამხარაძესთან ჰქონდათ კომუნიკაცია, წარუდგინეს დოკუმენტები კორუფციული გარიგებების არსებობის დასტურად. ამასთან, სამხარაძეს აცნობეს, რომ გეგმავდნენ აქციებს ქალაქის მერის სამქიანობის შესწავლისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა პასუხად პარტიიდან გარიცხვის მუქარა მიიღეს.

მათ დეტალური ინფორმაციის მიღება სურთ პარტიის ლიდერშიფისგან გადაწყვეტილების საფუძვლების თაობაზე და რატომ არ შედგა მათთან სათანადო კომუნიკაცია.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიზეზად სხვა პარტიებთან ალიანსი სახელდება, რაც გამორიცხულია. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი სამხარაძემ მთხოვა შეხვედრა და თუ აქციას არ ჩავატარებდი, მპირდებოდა გარკვეულ თანამდებობას მერიაში, საკრებულოში. ამაზე კატეგორიული უარი განვაცხადე. მივიღე შეურაცხყოფა და დავაპირე პარტიის დატოვება, შემდეგ კი დამემუქრა, რომ თუ პირობებს არ მივიღებდი, პარტიიდან გამრიცხავდნენ. ვფიქრობ, სიმართლის ბრძოლისთვის გავირიცხე პარტიიდან“,– განაცხადა ჭანტურაძემ.

ანალოგიური პოზიცია აქვს კახნიაშვილსაც:

„რადგან ლევანთან ერთად დამინახეს, ეგონათ, რომ დღევანდელი აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ვიყავი. არც უკითხავთ, ვაპირებდი თუ არა აქციაზე მისვლას. ძალიან ბევრი კითხვებია ზესტაფონის მერთან და მის მოადგილესთან. ამდენად, ზესტაფონის მოსახლეობა სრულიად სამართლიანი პროტესტით მოდის და ეს არ არის პარტიული შეკრება. არჩევნების დროსაც მქონდა კითხვები, მაგრამ როგორც ახლა, თუ გაიღე ხმა, გრიცხავენ პარტიიდან. გამოდის, პარტიაში უნდა იყო მონური მორჩილებით, არ უნდა იკითხო, რა დავალებას ასრულებ და რატომ? მე ასე ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ“.

თავად სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები პარტიიდან სხვა პარტიებთან კავშირის გამო 17 აპრილს გაირიცხნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები