
"დღეს ევროპაში ყველაზე მეტი სამხედრო აქტივობა შავი ზღვის რეგიონში ხორციელდება, უნდა შეიქმნას შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობა"
20/04/2021 14:11:29 თავდაცვა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, აუცილებლად უნდა შეიქმნას შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობა.
"გამომდინარე იქედან, რომ დღეს ევროპაში ყველაზე მეტი სამხედრო აქტივობა ხორციელდება შავი ზღვის რეგიონში, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობა, რომელიც გააერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს. სასურველია, რომ აღნიშნულ სარდლობაში, შავი ზღვის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა. უნდა მოხდეს შავი ზღვის პერიმეტრზე ძალების, შესაძლებლობებისა და ბაზების გადანაწილება, რათა კონტროლს დაექვემდებაროს შავი ზღვის აკვატორია. სარდლობამ უნდა უზრუნველყოს ყოველდღიურ რეჟიმში მართვა და კონტროლი, დაგეგმოს და აღასრულოს ავტონომიურობის რეჟიმში სამხედრო აქტივობები, მათ შორის ძალების დემონსტრირება, სწავლებები, წვრთნები, პატრულირება. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში გვიწევს მე-19 საუკუნის მენტალობის მქონე ქვეყანასთან ჭიდილი, დაგვიანებული მოქმედება კი ხელს აძლევს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ამიტომ საჭიროა მყისიერი მოქმედება. მეტი NATO შავ ზღვაში არის გარანტია შავი ზღვის უსაფრთხოების”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.